მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMP-ის სტანდარტებზე გადასვლა 72 საწარმოს დახურვას გამოიწვევს - ასოციაცია

5f7dd04736b30
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.20 18:46
1170
"დადგენილი ვადის ფარგლებში GMP-ის სტანდარტებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს 75 რეგისტრირებული ფარმაცევტული წარმოებიდან 72 საწარმოს დახურვას" - ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის (RIA) მიხედვით, 2022 წლიდან GMP-ის სტანდარტებზე გადასვლა მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება, რაც მათი ბაზრიდან გასვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბაზრიდან მცირე და საშუალო საწარმოების გასვლა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ კიდევ სუსტი ოლიგოპოლიების გაძლიერებას.

„დადგენილი ვადის ფარგლებში GMP-ის სტანდარტებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს 75 რეგისტრირებული ფარმაცევტული წარმოებიდან 72 საწარმოს დახურვას. ეს კი, გარდა 70 მლნ ლარამდე ინვესტიციის და საექსპორტო ბაზრიდან შემოსული 60 მლნ-მდე დოლარის დაკარგვისა, გამოიწვევს 1 500-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვასაც. ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის ამოქმედება გულისხმობს იმპორტირებული საქონლის უსამართლო უპირატესობას ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე (2022 წლის სავალდებულო სტანდარტიზაცია არ ითვალისწინებს იმპორტირებულ მედიკამენტებზე იმავე მოთხოვნების წაყენებას, რაც სტანდარტით ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას წარედგინება) და შესაძლოა, საქართველოს ბაზარი დარჩეს ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების გარეშე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ფასების ზრდასა და მონოპოლიზაციის წახალისებას. ფორს-მაჟორულ სიტუაციებში კი, როგორიც არის, მაგალითად, Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები იმპორტზე, არის საშიშროება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს წამლის დეფიციტი”, - განმარტავენ ფარმაცევტთა ასოციაციაში.

მათივე განცხადებით, ქვეყანა არც ინფრასტრუქტურულად და არც კონსტიტუციურად მზად არ არის მიღებული დადგენილების შესასრულებლად 2022 წლისთვის.

„GMP სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველმყოფი სამსახურების (ინჟინერინგისა და საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები) არარსებობა, ხელს უშლის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეზღუდულ ვადებში პროექტირებასა და შესაბამისი პროექტების აღსრულებას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სათანადო კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით წარმოების საშუალო და ქვედა რგოლებში. შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან GMP კადრების მომზადების ვადები ამ პროცესზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს და სხვა საფრთხეები, რომლებიც აბრკოლებს GMP-ის სტანდარტებზე დროულ გადასვლას, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, თანდათანობით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.