მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„GMP/GDP სტანდარტზე გადასვლის გადავადებაზე საუბარი არაა" - რეგულირების სააგენტო ბიზნესს პასუხობს

60a7b5fdc2602
ელენე გოგბერაშვილი
21.05.21 17:41
1522
ფარმაცევტული სექტორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების ამოქმედება არ გადავადდება და 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქცია მხოლოდ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა ჯერ 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. ანუ კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა დღეს, როცა რამდენიმე თვეა დარჩენილი 2022 წლამდე, ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ ამისთვის მზად ისევ არ არიან.

აღნიშნული რეგულაციის გადავადებას ფარმაცევტული სექტორი გასული წლიდან ინტენსიურად ითხოვს, მიმართეს პრემიერს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს. მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხრიდან საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოზეც, თუმცა მთავრობა ჯერ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

საკითხი განიხილეს პარლამენტშიც, სადაც ფარმაცევტულ სექტორში კვლევის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუ რამდენად იყვნენ კომპანიები მზად ახალ სტანდარტზე გადასასვლელად. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები საკმაოდ საყურადღებოა, რადგან გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ 2022 წლიდან GMP სტანდარტზე გადასვლას ვერ შეძლებენ.

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი BM.GE-სთან ამბობს, რომ ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მქონე 75-მდე საწარმოსთვის, GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება თანაბრად ამოქმედდება 2022 წლიდან და ამ ეტაპისთვის ვადის გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. 

"არანაირი ვადა გადაწეული არ არის. მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ეს დრო და ვადის გადაწევის ცვლილებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. რაც შეეხება კომპანიებისთვის დამატებითი დროის მიცემას, მათ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. ეს გაცხადებული იყო რამდენიმე წლის წინ და მათ ჰქონდათ დრო მომზადებულიყვნენ და გადასულიყვნენ ამ სტანდარტზე“, - აცხადებს ზაალ კაპანაძე.

კერძო სექტორი იმაზეც წუხს, რომ მთავრობა იმპორტიორებთან შედარებით ადგილობრივ წარმოებას არათანაბრად ეპყრობა, თუმცა როგორც ირკვევა, საკანონმდებლო ცვლილებებზე შესაბამის უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ და იმპორტირებული წამლები ისევე აკმაყოფილებდნენ სტანდარტს, როგორც ადგილობრივი წარმოება“, - აცხადებს ზაალ კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სტანდარტს საქართველოში მხოლოდ „ჯი ემ პი“-სა და „ ავერსი რაციონალის“ საწარმოები აკმაყოფილებენ; რამდენიმე კომპანია ფლობს ასევე GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა).

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საწარმო ახალ სტანდარტებზე გადასვლისთვის მზად არ არის, ლოგიკურია ბაზარზე მხოლოდ ის კომპანიები დარჩებიან, რომელთა პროდუქცია მხოლოდ GMP-ს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.