12.დეკემბერი .2019 17:03

GNCC: "კავკასუს ონლაინს" შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

views 763
უკან

საქართველოს ეროვნულმა კომუნიკაციების კომისიამ (GNCC) შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად GNCC ავრცელებს. 

"კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიებს 30-30 ათასიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ასევე, კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს,"- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინი" ამ დროისთვის საქართველოს ინტერნეტის საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რამდენიმე წლის წინ კომპანიის საცალო ქსელი "მაგთიმ" შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა