მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GNCC პროვაიდერებს მომხმარებლებისთვის 100-მდე ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვისკენ მოუწოდებს

5dfcf246817e2
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.19 20:15
2107
საქართველოში მოქმედმა ინტერნეტ პროვაიდერებმა კომუნიკაციის ეროვნული კომისიისგან (GNCC) ინტენრეტ სივრცეში არსებული არალეგალური კონტენტის შესახებ აცნობა და ამასთანავე გაუგზავნა 100-მდე ვებგვერდის ჩამონათვალი, რომლებიც არალეგალურ კონტენტს ავრცელებენ. კომისიამ პროვაიდერ კომპანიებს აღნიშნულთან მიმართებით შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა.

BMG-მ GNCC-ის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კითხვით მიმართა, უწყებაში განმარტავენ, რომ კომისიამ ინტერნეტ პროვაიდერებს არალეგალური კონტენტის შეზღუდვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც მათ "სილქნეტმა" მიაწოდა ასამდე ისეთი ვებ გვერდის ჩამონათვალი, სადაც არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული. GNCC-ის ინფორმაციით, მათ ეს ვებგვერდები დეტალურად შეამოწმეს და მათი მხრიდან საავტორო უფლებების დარღვევა დაადგინეს. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია არალეგალური კონტენტის შეზღუდვის შესახებ:

"როგორც მოგეხსენებათ, არალეგალური და მოპარული კონტენტის (ინტელექტუალური საკუთრების) გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ არალეგალური კონტენტისგან მაუწყებლების და საკაბელო კომპანიების გასუფთავებისთვის, ამერიკული კინოსტუდიებისგან მადლობის წერილი მიიღო, ამავე წერილში ამერიკული კინოსტუდიები კომისიას მაუწყებლების შემდეგ უკვე ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავების პროცესში სთხოვენ დახმარებას. კომისიას ინტერნეტ სივრცის მოპარული კონტენტისგან გასუფთავების პროცესი წერილის მიღებამდე ბერვად ადრე, წელიწადზე მეტია დაწყებული აქვს და მომავალშიც გააგრძელებს.

არალეგალური კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით კომპანია სილქნეტისგან კომისიაში შემოვიდა წერილი სადაც კომპანიამ 100-ამდე ისეთი ვებ გვერდის ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული (ფილმებსა და სერიალებს). კომპანია სილქნეტს, სწორედ ის კონტენტი, რომელსაც აღნიშნული ვებ გვერდები არალეგალურად ავრცელებენ, ნაყიდი აქვთ და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ. შესაბამისად, აღნიშნულ ვებ გვერდებზე არალეგალური კონტენტის გავრცელებით ირღვევა კომპანიის უფლებები. სილქნეტმა კომისიას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირების თხოვნით მიმართა. კომისიამ შეისწავლა მათ მიერ მოწოდებული ვებ გვერდების ჩამონათვალი და დაადგინა, რომ ამ ვებ გვერდებზე განთავსებულია არალეგალური /მოპარული პროდუქცია.

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის საფუძველზე მიმართა ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს და აცნობა, რომ აღნიშნულ ვებ გვერდებზე განთავსებულია არალეგალური კონტენტი და შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის“ კერძოდ, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი (ანუ ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია „მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“. ხოლო დაუშვებელი პროდუქცია რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია,"- განმარტავენ კომისიაში. 

ამ დროისთვის იმ ვებგვერდების სრული ჩამონათვალი, რომლებზეც საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული კონტენტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. 

საქართველოს ონლაინ-სივრცეში არალეგალური კონტენტის ფართოდ გავრცელების შესახებ 29 ნოემბერს ჰოლივუდის სტუდიების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Motion Picture Association of America-მ საქპატენტის სახელზე ოფიციალური წერილი გააგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ჰოლივუდი ქვეყანაში პირატული კონტენტის დიდ რაოდენობას მნიშვნელოვან პრობლემად აღიქვამს.