მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ათასით ნაკლებ ადამიანს ჩაერიცხა ხელფასი 2020 წლის სექტემბერში?

5f9c118daa9bb
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 17:18
1723

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად დასაქმებულთა კლება საშუალოზე დაბალი ანაზღაურების მქონე ჯგუფში შეიმჩნევა.

"სექტემბერში დასაქმების მაჩვენებლის ვარდნა დაბალანაზღაურებად სეგმენტში (<1,200 ლარი) კლებითაა განპირობებული. ამ კატეგორიაში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 36,442 ადამიანით ნაკლებს ჩაერიცხა ხელფასი. საშუალო და მაღალ საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია", - ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში. 

სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 221.9 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 37 მილიონი ლარით ანუ 14.4%-ით ნაკლებია. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

ჯამურად, 2020 წლის ცხრა თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.6 მილიონი ლარით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 670 მილიონი ლარით ნაკლები ხელფასი გაიცა.