მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძე სებ–ს მიმართავს: მიხედეთ ლარის კურსს მცირე ინტერვენციებით, არ არის აუცილებელი 40 მლნ აჯახოთ

60c4742904d79
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 14:40
701
პარლამენტარის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ძირითადად სეზონურობას უკავშირდება და ამ პერიოდში დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

BMG Drive-ში სტუმრობისას რომან გოცირიძე ლარის კურსის ცვლილების ფაქტორები დაასახელა და განმარტა, რომ არასტაბილური კურსი ბიზნესზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია.

„ლარის გამყარების ტენდენცია სეზონურობას უკავშირდება. ამასთან ეროვნულმა ბანკმა წელს და გასულ წელს დიდი ინტერვენციები განახორციელა. გასულ წელს 900 მლნ დოლარის ინტერვენცია მოხდა. ამბობენ, ლარი თავისუფალ ცურვაშიაო, არადა ამხელა ინტერვენციები კეთდება და სებ-ს უკან ამოაქვს დაახლოებით 3 მლრდ ლარი მიმოქცევიდან, რითიც M2 - ფულის მასა მცირდება, ამ პროცესში ყველაფერი ყველაფერი სებ-ზეა დამოკიდებული. რადენსაც გაყიდის სებ-ი და როგორ ინტერვენციებსაც განახორციელებს, ისეთი იქნება ლარის კურსიც. ლარი დღეს მართვით სუნთქვაზეა.

15 აპრილს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი 3 მლრდ ლარი იყო  და ახლა 900 მლნ-ია ანუ მარეგულირებელმა 3-ჯერ შეამცირა რეფინანსირების სესხები, ამასთან გაზარდა რეფინანსირების სესხების განაკვეთი 9.5%-მდე.

რეფინანსირების სესხები ლარის კურსზე გავლენას ახდენს, რაც ინფლაციაზე აისახება. ეროვნული ბანკის ამოცანა არის ფასების სტაბილურობა, ეროვნულ ბანკს არ უწერია ლარი გაამყარეო, მაგრამ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში როდესაც ლარი უფასურდება, ის ფასებზეც მოქმედებს“, - განმარტა რომან გოცირიძემ.

პარლამენტარი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ის ირიბად ვალუტის კურსზეც აგებს პასუხს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში სებ-მა მსუბუქი ინტერვენციები უნდა განახორციელოს, რათა გამყარების ტენდენცია შეინარჩუნოს, შემოდგომაზე კი მას უფრო დიდი ინტერვენციების გაკეთება მოუწევს.

„როდესაც ლარის კურსი ორჯერაა დაცემული და ამან ინფლაცია გამოიწვია, ლარის კურსი ირიბად ეროვნული ბანკის საქმეა. დღეს ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და მის გონივრულ პოლიტიკაზე, მეორე მხრივ ბიუჯეტის დეფიციტზე.

ახლა ლარის გაუფასურების საფრთხეები გვაქვს, ამიტომ ეროვნული ბანკი გონივრულად უნდა მოიქცეს და მსუბუქი ინტერვენციებიც უნდა გააკეთოს. მიხედეთ ახლა ლარს 1-2 მლნ დოლარის ინტერვენციებით, არ არის აუცილებელი 40 მლნ აჯახო. ლარი ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით გამყარდა, მაგრამ დამშვიდების არავითარი საფუძველი არ გვაქვს. ლარში გაუფასურების ტენდენცია ძალიან დიდია და შემოდგომაზე ეროვნულ ბანკს ძალიან დიდი ინტერვენციების გაკეთება, ალბათ კიდევ 400 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწევს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.