მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძე: სხვა გამოსავალი არაა, აცრა სავალდებულო უნდა გახდეს ცალკეული ჯგუფებისთვის

6148da4e920f9
თამთა ჯიჯავაძე
20.09.21 22:55
544
რომან გოცირიძე ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის კლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს თავმოუბმელობის შედეგია". მისივე თქმით, როცა დღეში 2 000 აცრა კეთდებოდა, მთავრობას აცრის პუნქტების გაფართოებისა და მობილური ჯგუფების გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა, ეს დაგვიანებით გაკეთდა.

ამ ყველაფრის ფონზე, გოცირიძე აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ არის და აცრა სავალდებულო უნდა გახდეს ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისათვის.

"საფრანგეთში ექიმების აცრა სავალდებულო გახდა. რამდენიმე დღის წინ 3 ათასი სამედიცინო მუშაკი დაითხოვეს სამსახურიდან აუცრელობის გამო.

ეს არაა ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. მისი უფლებაა აიცრება თუ არა, ისევე როგორც დამსაქმებლის უფლებაა (ვალდებულებაც) დაიცვას მისი თანამშრომლებისა და პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

როდესაც 8 ათასი ადამიანი მოკვდა ამ პატარა ქვეყანაში და იმუნიზაციის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კიდევ ბევრი მოკვდება, ადმინისტრაციული შეზღუდვების საწინააღმდეგო რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტები არის არაჰუმანური და დემაგოგიური.

სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებაა.

სიცოცხლის უფლება ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ მისი სიცოცხლის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტიური ვალდებულება).

კარგი მმართველობის პირობებში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა შესაძლებელია ნაკლები შეზღუდვებით და მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გამოყენების გარეშე. ჩვენი ხელისუფლება კარგი მმართველობის ნიმუში რომ არ არის, ეს უკვე ყველამ იცის. როცა სხვა გამოსავალი არ არის, მსგავსი მეთოდების გამოყენება აუცილებელია", - აცხადებს გოცირიძე.