მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC-ი ახალი თბოსადგურის ასაშენებლად $174.8-მილიონიან კონტრაქტს "ჩალიკ ენერჯისთან" გააფორმებს

5fad2ce6024d1
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.20 16:33
2820
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" $174.8 მილიონ აშშ დოლარად ახალ, 272-მეგავატიან თბოსადგურს ააშენებს. სადგურის სამშენებლო სამუშაოებისთვის კორპორაცია ხელშეკრულებას თურქულ კომპანია "ჩალიკ ენერჯისთან" გააფორმებს. 

ხელშეკრულების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადიდან გახდა ცნობილი. განაცხადის მიხედვით, საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის შედეგად საუკეთესო ფასი თურქულმა კომპანიამ დაასახელა. კორპორაციის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ახალი თბოსადგურის მშენებლობას 18 საერთაშორისო პრეტედენტი ყავდა, მათ შორის იყვნენ Mistubishi, Tata Power-ი Enka, ÇALIK ENERJİ და სხვა კომპანიები. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი - ÇALIK ENERJİ-იმ დააფიქსირა. GOGC-ს სადგურის მშენებლობა ყველაზე ძვირად - $238 მილიონად (გადასახადების გარეშე) კომპანია FATA S.P.A-მ შესთავაზა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაფასორმებელ კონტრაქტში $144.8 მილიონი არის მშენებლობის ღირებულება გადასახადების გარეშე $174.8 მილიონი კი გადასახადების ჩათვლით. 

"აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის ,,Lump sum” ფასს (144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით გარდა, იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ს განაკვეთისა) და 30 000 000 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს ,,მესამე თბოსადგურის" სამშენებლო სამუშაოებთან/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ,,კორპორაციასა" და ,,მიმწოდებელს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დღგ-ს და იმპორტის გადასახადის საორიენტაციო მოცულობას, საიდანაც შემსყიდველის მიერ აღნიშნული გადასახადების გადახდა განხორციელდება ფაქტიურად არსებული ოდენობების შესაბამისად),"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2023 წელს იგეგმება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "გარდაბანი 1"-ის სადგურიც "ჩალიკ ენერჯიმ" $230 მილიონ დოლარად ააშენა. 

“გარდაბნის თბოსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, მასში კორპორაციამ $180 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სადგური 2019 წელს აშენდა, 2020 წლის მარტში კი სემეკ-მა მასში ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. პროექტში ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური კონტრაქტორი ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) იყო.

“გარდაბანი 1”-ის და “გარდაბანი 2”-ის მარგი ქმედების კოეფიციენტი 56%-ს შეადგენს. ახალი თბოსადგურის მშენებლობის განაცხადიდან ირკვევა, რომ კორპორაცია გეგმავს მესამე თბოსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმ 55%-ზე იყოს დაგეგმილი.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონ ლარს მიაღწია. კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 22.8%-ით შემცირდა და 121.4 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირების მიუხედავად, GOGC-ი 2019 წელს მაინც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო საწარმო იყო.

კორპორაციის აქტივების მთლიანი მოცულობა 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. GOGC-ის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები. კორპორაცია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირის რეალიზებით იღებს, შემოსავლის მეორე მთავარი წყარო კი ელექტროენერგიის რეალიზაციაა. თავად GOGC-ი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლები 2019 წლის მდგომარეობით ცალკეული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 576 მილიონი ლარი;
● ელექტროენერგიის მიწოდება - 225 მილიონი ლარი;
● ნედლი ნავთობით ვაჭრობა - 15 მილიონი ლარი;
● მილსადენის გაქირავების შემოსავალი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო სუფსას მილსადენები) - 43 მილიონი ლარი;
● ნავთობის ტრანსპორტირების საკომისიო შემოსავალი (ბაქო-სუფსა) - 21 მილიონი ლარი.