18.მაისი .2020 12:04

GOGC-ის იურისტი: "ფრონტერა" საქმის პოლიტიზირებას პროცესის დასაწყისიდანვე ცდილობდა

views 256
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) მიერ დაქირავებული იურიდიული კომპანია Hogan & Lovells-ის იურისტი კარლ ფოერნბახერი საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის 17 აპრილის გადაწყვეტილების და კომპანია Frontera-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საპასუხო განცხადებას ავრცელებს. 

Hogan & Lovells-ი აცხადებს, რომ Frontera-ს განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საარბიტრაჟო სასამართლომ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა სასამართლოს მიერ იქნა უარყოფილი, სიმართლეს არ შეესაბამება. 

კარლ ფეორბახენი ამბობს, რომ სინამდვილეში ასეთი მოთხოვნა საარბიტრაჟო დავაზე არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო დაყენებული, ვინაიდან ქართულ მხარეს შესაბამისი უფლება წარმოეშობა მხოლოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

"გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიოა და ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. ქართულმა მხარემ დააყენა გადაწყვეტილების გასაჯაროების წინადადება, რათა იგი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და ამ თემაზე დისკუსიებს წერტილი დასმოდა, თუმცა "ფრონტერამ" ამაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილების შინაარსის თაობაზე არასწორი განცხადებების გავრცელება ამჯობინა. მთელი დისკუსია იმაზე, თუ ვინ არის გამარჯვებული, სრულიად უსარგებლო და არარელევანტურია. ქართული მხარის მოთხოვნა 3-4 ძირითად საკითხს ითვალისწინებდა: პირველი ტერიტორიების თითქმის 99%-ის დათმობის თაობაზე განკარგულების გაცემას ეხებოდა, რაც ფრონტერას ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში უნდა გაეკეთებინა და იმ დროიდან მოყოლებული ამაზე უარს აცხადებდა; მეორე იყო იმის დადასტურება, რომ ფრონტერამ კონტრაქტი არსებითად დაარღვია; მესამე კი - ფრონტერას მიერ პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განკარგულების გაცემა. 

გარდა ამისა, ფრონტერამ საქართველოს წინააღმდეგ 3.5 მილიარდის დოლარის ოდენობის მოთხოვნა აღძრა და შესაბამისად, ჩვენი მეოთხე ამოცანა ამ სარჩელისგან საქართველოს დაცვას წარმოადგენდა. თუ ახლა ამ 4 საკითხს შევხედავთ ვნახავთ, რომ ოთხივე დაკმაყოფილდა - ფრონტერა ვალდებულია ტერიტორიები დათმოს, ტრიბუნალმა დაადგინა რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, მან უნდა აანაზღაუროს საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების უდიდესი ნაწილი და არბიტრაჟმა შეწყვიტა ფრონტერას საპასუხო 3.5 მილიარდი აშშ დოლარი ოდენობის შეგებებული სარჩელის განხილვა მას შემდეგ, რაც ფრონტერამ მისი გამოთხოვის თაობაზე საკითხი დასვა“, - აღნიშნავს კარლ ფოერნბახერი. 

იურისტი აცხადებს იმასაც, რომ ფრონტერას არასოდეს ჰქონია კონტრაქტის შესრულების განზრახვა, არც იმ პერიოდში, როცა მან ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო და არც მანამდე. მისი თქმით, ქართული მხარე 2015-2016 წლებიდან მოყოლებული კონტრაქტის 2017 წლის შემდგომ პერიოდში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ფრონტერას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა თავის თავზე აეღო ამ ტერიტორიებზე რაიმე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

"ჩემთვის უცნობია, რომ რაიმე პერიოდში, დღევანდელ დღემდე, მათ განეცხადებინათ 2022 წლის შემდეგ ტერიტორიის დაბრუნების განზრახვის თაობაზე. ახლა, როცა ტრიბუნალმა უკვე დაადგინა, რომ ვალდებულები არიან, დათმონ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაეთმოთ, ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ამის განზრახვა აქვთ,“ - აცხადებს იურისტი.

კარლ ფოერნბახერი აცხადებს, რომ ფრონტერა დასაწყისიდანვე ცდილობდა საქმის პოლიტიზირებას, თუმცა დასძენს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და დავა, ეს კომერციული დავაა და ის კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დავაში Hogan & Lovells-ს სახელმწიფო კორპორაციამ ანაზღაურების სახით $7.4 მილიონი გადაუხადა.