მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგი თოფაძემ "ყაზბეგის" ქარხნის ტერიტორიაზე, შესაძლოა, სასტუმრო ააშენოს

5ddff3efcedec
მარიამ ადამია
28.11.19 21:00
1449
„ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბიზნესმენმა და წარსულში ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელმა, გოგი თოფაძემ, შესაძლოა, რვასართულიანი სასტუმრო ან სახლი ააშენოს.

როგორც Bm.ge-სთან საუბარში ბიზნესმენი აღნიშნავს, შესყიდვის მსურველების რაოდენობა დიდია, მოდიან მასთან როგორც ირანელები, ასევე რუსები და არაბები, მათგან უმრავლესობას შესყიდვა და სასტუმროს აშენება სურს, ზოგიერთი კი, სათამაშო ბიზნესის დაწყებას გეგმავს.

„არ მინდა უცხოელებს მივცე ტერიტორია, რადგან მინდა ქართული ინვესტიცია ჩაიდოს მასში. ტერიტორია საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ხოლო მეორე მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მოგეხსენებათ, მარცხენა სანაპიროზე ავტომობილის გაჩერება არსად არ არის შესაძლებელი, ჩვენთან კი, ამის შესაძლებლობა არის, რადგან გერმანელების აშენებულია და დაახლოებით სამოცდაათი ავტომობილი ეტევა“ - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

ბიზნესმენი ასევე არ გამორიცხავს ტერიტორიაზე სახლის აშენებას, ეს ყველაფერი კი, მომდევნო წლისთვის გადაწყდება ზუსტად და დაიგეგმება.

„არ ვჩქარობ, ვნახოთ რა მოხდება ქვეყანაში, დასტაბილურდეს დღეს არსებული არეული მდგომარეობა, შედარებით ჩაწყნარდეს პროცესები და შემდეგ გადავწყვიტავთ, რა ბედი ეწევა ქარხანას. არსებული ვარიანტებიდან, ერთადერთი რაც ვიცი ახლა ზუსტად არის ის, რომ აქ სათამაშო ბიზნესის გაკეთების უფლებას არაბებს არ მივცემ,“ - განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, გოგი თოფაძემ Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე საკონსერვო ან მინის ბოთლის მწარმოებელი ქარხანა უნდა აშენებულიყო და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეოდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს უნდა მიეღოთ, თუმცა, როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა.