მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგონა ქობულეთიდან, რომელიც ფაჩულიას კალათბურთის აკადემიიდან სწავლას სრული დაფინანსებით ესპანეთში გააგრძელებს

6070a24206337
BM.GE
10.04.21 00:25
1868
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კიდევ ერთი ისტორია დაიწერა. 16 წლის ლიკა კვირკველია - გოგონა ქობულეთიდან, საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, CB Adareva Tenerife-ში, სრული დაფინანსებით გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ავრცელებს.

ლიკა 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს და, საკალათბურთო გამოცდილებასთან ერთად, ცოდნას ადგილობრივ სკოლაში მიიღებს.

„პირველ რიგში მადლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიას გაწეული შრომისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემია დამეხმარა განვითარებაში და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველანაირად ვეცდები, გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი, ვინც მგულმშემატკივრობს. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუს, რომ საქართველოს სახელი კიდევ გაჟღერდეს საზღვრებს გარეთ“, - აღნიშნა ლიკა კვირკველიამ.

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ლიკა 2018 წლის სექტემბერში აღმოაჩინა და ბათუმის ასაკობრივი გუნდიდან გადმოიყვანა. ახალგაზრდა კალათბურთელი აკადემიაში ბიჭების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ფიზიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა. გარდა ამისა, 2019 წელს იგი 2006-წლიანების გუნდთან ერთად, ლიტვაში, ბალტიის ლიგაზე, ასპარეზობდა.

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ქალთა კალათბურთის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. ჩვენთან გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება და მათი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.