მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე და კატეგორიულად პასუხობდეს ბრალდებებს - პრეზიდენტი

63ca8ac3754bb
გიგა ბენია
20.01.23 16:41
900
„ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა ზრუნავდეს“,-ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ არსებულ კითხვებს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს.

„ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მე-10 პაკეტზე ისაუბრა. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, სანქციების მე-10 რაუნდში ევროკავშირი შეეცდება “ხვრელები ამოავსოს”, რათა სანქცირებული პროდუქცია რუსეთში ვერ მოხვდეს.

"მსურს, სანქციებზე გკითხოთ - თქვენ ახსენეთ, რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?", - ჰკითხა CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ფონ დერ ლაიენს.

"დიახ, სანქციები რუსეთს 9 რაუნდად დავუწესეთ და ისინი მტკივნეულია რუსეთის ეკონომიკისთვის და ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდიან. სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციების გვერდის ავლის მცდელობას ვხედავთ და ეს მიუღებელია. უკვე განვაცხადეთ, რომ სია შეიქმნება იმ ადამიანების, რომელებიც ამ ტექნოლოგიებსა და პროდუქტს ევროკავშირისგან იღებენ და რუსეთში შეაქვთ. სანქციების მე-10 პაკეტი, ძირითადად, ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების ამოვსებაზე ანუ დიდი გავლენა ექნება მათზე, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. მე-10 პაკეტი სწორედ ამაზე იქნება”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირმა სანქციების, ჯერჯერობით, ბოლო მე-9 პაკეტი ეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე სამხედრო პირებსა და სამხედრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ამას გარდა, გაიზარდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული დუმის დეპუტატების, მინისტრებისა და სხვა პოლიტიკური პირების რაოდენობა.