28.იანვარი .2022 11:12

გონიოსა და თბილისის ზღვასთან ფინანსური ცენტრის შექმნაზე პრემიერი Rothschild & Co-ს შეხვდა

გონიოსა და თბილისის ზღვასთან ფინანსური ცენტრის შექმნაზე პრემიერი Rothschild & Co-ს შეხვდა
views 600
უკან

საქართველოს მთავრობას ახალი იდეა აქვს - გონიოსა და თბილისის ზღვასთან ახალი ფინანსური ცენტრი უნდა აშენდეს და ამ სივრცეს "სპეციალური ფინანსური ზონის" სტატუსი უნდა მიენიჭოს. ამ პროექტის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისთვის მთავრობის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში კერძო საინვესტიციო ფონდ Rothschild & Co-სთან გააფორმა ხელშეკრულება. დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. 

"საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად წარიმართება. საუბარი ასევე შეეხო თბილისსა და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

პრემიერ-მინისტრმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს და მოკლე ვადებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვისა და საერთაშორისო ფინანსური კომპანიების შემოსვლის მიმართულებით," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ჯერჯერობით, ინიციატივის შესახებ მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ასევე უცნობია, რა საგადასახადო ბენეფიტებს შესთავაზებს ეს "სპეციალური ფინანსური ზონა" ინვესტორებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა