მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან პროდაქტსმა" EU-ში ცხოველების საკვების ექსპორტი დაიწყო

6048d155a394e
ინგა მურუსიძე
11.03.21 09:00
1506
საქართველოდან ევროკავშირში შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი 2020 წლის ბოლოდანაა დაშვებული. საქმე იმაშია, რომ ევროკომისიამ 2020 წლის ნოემბერში დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია.

„ჯორჯიან პროდაქტსი“ ცხოველების ავეჯის და საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული შესაძლებლობა გამოიყენა და პროდუქტი ევროკავშირში გაიტანა.

როგორც bm.ge-ის "ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა, ცხოველების საკვების წარმოების დაწყებისკენ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისგან წამოსულმა მოთხოვნამ უბიძგა.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ევროკავშირში ექსპორტზე 20 ტონა საკვები გაიტანეს, მაგრამ სამომავლოდ, ყოველთვიურად, 40 ტონის გატანას აპირებენ.

"ვაწარმოებთ გადამუშავებულ საკვებ პროდუქტს pet-ისთვის. ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებულია როგორც საწარმო, ისე - ქვეყანა. ევროკავშირში გაგვაქვს გადამუშავებული, გამომშრალი საკვები. კერძოდ, ქათმის ფილე და გამომშრალი გულმკერდი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკვები პრემიუმ-სეგმენტში გადის. პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ; ვფიქრობთ, დავამატოთ ირმის ხორცი, საქონლის და ა.შ. ნელ-ნელა წარმოებას გავზრდით, რადგან მოთხოვნა არის“, - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

მისი განმარტებით, საკვების წარმოებისთვის „ჯორჯიან პროდაქტსი“ იმპორტირებულ ხორცს იყენებს, რადგან ნედლეულის შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირში აკრედიტებული საწარმოებიდან შეუძლია.

„ნედლეული ჩამოგვაქვს იმ ქვეყნებიდან და საწარმოებიდან, რომლებიც ევროკავშირის რეესტრშია. რაც შეეხება ირმის ხორცს, მის იმპორტს ახალი ზელანდიიდან ვახორციელებთ“, - ამბობს დავით ბარდაველიძე.

ამ ეტაპზე „ჯორჯიან პროდაქტსის“ მიერ წარმოებული ცხოველების საკვები ექსპორტზე მხოლოდ ევროკავშირში გადის, თუმცა კომპანია მოლაპარაკებებს აშშ-თანაც აწარმოებს.