მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერმა bm.ge-ს მოუწოდა, "ხიშნიკ მძღოლებზე" ინფორმაცია შრომის ინსპექციას მიაწოდოს

600aba8f5968d
ინგა მურუსიძე
22.01.21 16:10
1820
Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება და მგზავრთა რეგულარული გადაყვანა აკრძალულია. მიუხედევად იმისა, რომ 5 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად პირველი თებერვლიდან იხსნება, ქალაქებს შორის გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. მთავრობაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მობილობის გაზრდას შეუშლის ხელს, რაც covid-19-ის გავრცელების პრევენცია იქნება. 

შეზღუდვების მიუხედავად, მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა შეჩერებული არ არის და კანონის გვერდის ავლას სხვადასხვა პირები სხვადასხვანაირად ახერხებენ: სოციალურ ქსელებში შექმნილია ჯგუფები, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ამა თუ იმ რეგიონში ტრანსპორტირებას სთავაზობენ; ასევე, Bm.ge-მ მოამაზადა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების რეგიონებში გადაყვანა ისევ ხდება, რაც კანონდარღვევაა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ს ურჩია, კანონდამრღვევი მძღოლების შესახებ ინფორმაცია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიაწოდოს.

„კარგი იქნება, შრომის ინსპექციას შეატყობინოთ, რათა გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არის ცუდი, კანონდარღვევაა და თუ ასეთი არსებობს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება თავად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც კვლავ ძალაში რჩება, ამ გადაწყვეტილების მიზეზებს მინისტრი შემდეგნაირად განმარტავს:

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნა გამოიწვევს რეგიონებს შორის მობილობის გაზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ წერტილოვნად ვუდგებით ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდვითარება რეგიონებში განსხვავებულია. მაშინ, როცა აჭარაში ვითარება დასტაბილურდა, იმერეთში ასე არ არის. თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აქტიურად ამოქმედდება, ძალიან სწრაფად მოხდება გაუარესება ვითარების, იმ რეგიონებშიც კი, სადაც ვითარება უკეთესია. შეზღუდვები უნდა შევინარჩუნოთ იქამდე მაინც, ვიდრე რეგიონებში ეპიდემილოგიური ვითარება არ გათანაბრდება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.