14.აპრილი .2022 10:38

გორის მერიის ერთ-ერთი ააიპ–ის ბუღალტერი ბიუჯეტის თანხას ტოტალიზატორში რიცხავდა - მითვისებულია 144 ათასამდე ლარი: სუს–ი

გორის მერიის ერთ-ერთი ააიპ–ის ბუღალტერი ბიუჯეტის თანხას ტოტალიზატორში რიცხავდა - მითვისებულია 144 ათასამდე ლარი: სუს–ი
views 1072
უკან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ბუღალტერი, რომელიც გორის მერიაში კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბიუჯტიდან თანხებს პირად ანგარიშზე რიცხავდა და ტოტალიზატორში იყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის გამოძიების მიხედვით მითვისებულია 144 000 ლარამდე თანხა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.