მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: 2021 წლის ბოლომდე გაზიფიცირებული იქნება 1 400 000-მდე ოჯახი

5f97e9b7e7679
ინგა მურუსიძე
27.10.20 20:39
811
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდმა მნიშვნელოვნად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ - თუ მანამდე აქცენტი ძირითადად კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე მთელი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ და პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში.

როგორც მინისტრმა წალენჯიხაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2021 წლის ბოლომდე სამეგრელოში 34%-დან 83%-მდე გაიზრდება გაზიფიცირების დონე, გურიაში - 37%-დან 98%-მდე, აჭარაში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, სადაც ძალიან რთულია ამ პროექტების განხორციელება, 55%-დან 81%-ს მიაღწევს, ქვემო ქართლში - 80%-მდე გაიზრდება, შიდა ქართლში იქნება თითქმის 100%-იანი დაფარვა, კახეთში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 86%-ს, მცხეთა-მთიანეთში იქნება 83%, იმერეთში კი - 79%.

„მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90%-ზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავას შეფასებით, ეს არის სახელისუფლებო გუნდის, კონტრაქტორი და გაზგამანაწილებელი კომპანიების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი.

„ეს არის ძალიან მასშტაბური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებში 384 დასახლებულ პუნქტში 5217 კილომეტრი სხვადასხვა წნევის მილით გაზის გაყვანას, რისთვისაც 240 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა მინისტრმა.