მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა შუახევის მუნიციპალიტეტში მსგავსი ფუნქციებით მოქმედი ა(ა)იპ-ები გამოავლინა

600b17f59325b
თამთა ჯიჯავაძე
23.01.21 00:10
1006
აუდიტმა შუახევის მუნიციპალიტეტში მსგავსი ფუნქციებით მოქმედი ა(ა)იპ-ები გამოავლინა. როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, შუახევში აუდიტის პერიოდში ფუნქციონირებდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნციონირების საჭიროება არ დასტურდება.

აღნიშნული იურიდიული პირების 2018-2019 წლების საბიუჯეტო ხარჯი ჯამში 211,283 ლარს შეადგენდა.

საუბარია შემდეგ ა(ა)იპ-ებზე: „შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ – ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა, რომლის 2018-2019 წლების ბიუჯეტი 167,009 ლარს შეადგენდა. ა(ა)იპ-ის საქმიანობის საგანი ფეხბურთელებისა და მორაგბეების მომზადება და სპორტის აღნიშნული სფეროების პოპულარიზაციაა, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს სპორტის სფეროში მომუშავე ა(ა)იპ – შუახევის სასპორტო სკოლა, რომლის ბიუჯეტიც 365,938 ლარს შეადგენს და რომლის საქმიანობაც სპორტსმენების მომზადებასა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, სპორტის ყველა სფეროზე, მათ შორის ფეხბურთსა და რაგბზეც ვრცელდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახლად დაფუძნებული სკოლის საქმიანობაში რაიმე სახის მიღწევები არ ფიქსირდება.

2019 წელს შეიქმნა ა(ა)იპ – შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრი, რომლის ბიუჯეტიც 44,274 ლარით განისაზღვრა და რომელსაც, წესდების შესაბამისად, შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება, სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება ევალება, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური მომსახურების სერვისცენტრი, რომელსაც სოციალური დახმარების, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი (მათ შორის შშპ პირებზე გათვლილი) პროგრამების განხორციელება ევალება“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ განმარტეს, რატომ იყო აუცილებელი შშმ პირთა დახმარების მიზნით, დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ის შექმნა. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, არ ხორციელდება მათი საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების ანალიზი, რის შედეგად ადგილი აქვს დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობას, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება.