მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტო უცხოელი ექსპერტებისთვის საქმიანობის უფლების მინიჭებაზე განმარტებას აკეთებს

633bfe1e90931
ინგა მურუსიძე
04.10.22 14:12
551
სამედიცინო რეგულირების სააგენტო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისთვის საქართველოში საქმიანობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცენტრმა ,,ემპათიამ“, 2022 წლის 6 ივნისს, მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის - ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში, დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ "ემპათიას" მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში "ფსიქიატრია", ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში "სასამართლო მედიცინა" და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში "ნევროლოგია", 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.

რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ "ემპათიამ" ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ მსჯელობს პაციენტის ნახვის უფლების გაცემის საკითხზე. სააგენტო, პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს”, - ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ამჟამად მიხეილ სააკაშვილი „ვივამედშია“ გადაყვანილი. მასთან ამერიკელი ექიმები გუშინ იყვნენ შესული. ამასთან, დევით კობის, რომელიც უცხოელი ექსპერტია და მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, ექსპრეზიდენტთან შესვლის საშუალება არ მიეცა.