მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაზე ვაშაძის ინიციატივას დარგობრივმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

60d5a867b8d34
ინგა მურუსიძე
25.06.21 14:15
556
საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში შეღავათების 6 თვით გაგრძელებას ისახავს მიზნად კანონპროექტი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

ინიციატორი, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მცირე შემოსავლიანი გადასახადის გადამხდელები კიდევ მომავალი 6 თვის განმავლობაში განთავისუფლდნენ ამ ტვირთისგან. კონკრეტულად, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

„ბიზნესგარემოს გაჯანსაღება მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით უნდა იყოს წარმართული ქვეყნის საფინანსო კოდექსისა და კონსტიტუციის მიხედვით, კანონპროექტს, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ დაუჭიროს მხარი. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კი მთავრობის დასკვნა უარყოფითია“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

სხდომის ბოლოს კომიტეტმა კენჭი უყარა აღნიშნულ კანონპროექტს და კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.