30.მარტი .2020 20:21

GPI ჰოლდინგი: "ძალიან მალე შემცირდება კორპორაციულ დაზღვევაზე მოთხოვნა"

views 762
უკან

“კომპანიებს, რომლებიც დღეს არსებული სიტუაციის გამო დაიხურა, პრობლემები ექმნებათ. ჯერ თუ არ შემცირებულა, ძალიან მალე შემცირდება კორპორაციულ დაზღვევაზე მოთხოვნა”,- ამის შესახებ BM.GE-სთან “GPI ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სტამბოლიშვილმა ისაუბრა.

სტამბოლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კომპანიებს ხელი შეუწყოს.

“ვფიქრობთ, რომ კომპანიების სადაზღვევო შენატანი საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს. ჯერჯერობით არ ვიცით, ვის მივმართავთ ამის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციას გავაჟღერებთ, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა”,- აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

თინა სტამბოლიშვილმა BM.GE-სთან დღეს დაზღვევაზე არსებულ მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადაზღვევო სფერო აქტუალურობას არ კარგავს.

“განსაკუთრებით ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა დღეს ძალიან აქტუალურია და ადამიანების დიდი რაოდენობა ყიდულობს ონლაინ”,- აღნიშნავს თინა სტამბოლიშვილი.

მისივე თქმით, “GPI ჰოლდინგის” 500-მდე თანამშრომელი უკვე ორი კვირაა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა: “დავკეტეთ სერვის ცენტრები. თანხის ასანაზღაურებლად ვინც უპირატესობას მაინც საბუთების მიტანას ანიჭებს და არა ონლაინ ატვირთვას, მათთვის დავტოვეთ დოკუმენტების მიტანის შესაძლებლობა, თუმცა, ბოლო სტატისტიკის მიხედვით მომხმარებელთა 90% ონლაინ მომსახურებით სარგებლობს”.