მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPI: "ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან, როგორ შესრულდება ეს დაპირება..."

5dd3ccbcae8c9
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.19 15:40
2238
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც წლიდან წლამდე ფერხდება, ხელს არ უწყობს, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს. კომენტარი მან პრემიერმინისტრის, ბიზნესომბუდსმენისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სტამბოლიშვილის თქმით, გიორგი გახარიას და მიხეილ დაუშვილს სწორედ შეფერხებული და ბევრჯერ გადადებული კანონპროექტების განხილვის დაჩქარებას სთხოვეს. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონზე.

“ჩვენ ვართ იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის, სადაც ეს კანონი არ მოქმედებს. გვგონია, რომ ძალიან სწრაფად ამაზე როგორც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, ამასთან, მთავრობაშიც გაჩნდეს ნება, რომ ეს კანონი ამოქმედდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალური სფეროსთვის, ასევე სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის. ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან, როგორ შესრულდება ეს დაპირება საქართველოს მთავრობის მხრიდან”, - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

მისივე თქმით, საარჩევნო ციკლებმა თუ სხვა სახის პროცესებმა არ უნდა შეაჩეროს და შეაფერხოს ის პროცესები, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც წლიდან წლამდე ფერხდება, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დაძრას ეს საკითხები და ხელი კი არ შეუშალოს, ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას...

დარწმუნებული ვარ, ახალი ბიზნესომბუდსმენი თავისი მანდატის ფარგლებში შეძლებს იმ საკითხების დაძვრას, რომლებიც წლების განმავლობაში შეფერხებულია და აწუხებს კერძო სექტორს. სადაზღვევო სექტორის სახელით ჩვენ დავაყენეთ იმ რეფორმების საკითხი, რომელიც არის შეფერხებული წლების განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიუროკრატიული პროცესების გამოა შეფეხრებული და ხელს არ უწყობს არც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, არც სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ წარმოვადგენთ სადაზღვევო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს, ვენის სადაზღვევო ჯგუფს და ის საკნაონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თითქოსდა შეთანხმებულია ყველა მხარესთან მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არის ევროასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა გადავადდა რამდენჯერმე და იმედი გვაქვს ეს დაპირება, რაც არამარტო ბიზნესომბუდსმენისგან, არამედ პრემიერისგან მივიღეთ, შესრულდება და ბიზნესს გაუჩნდება პროგნოზირების საშუალება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციის შემოსასვლელად ქვეყანაში და ამ სექტორის განსავითარებლად", - აცხადებს სტამბოლიშვილი.