მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GRDC თბილისში ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს, ინვესტიცია $80 მილიონია

646e14d4826f1
თელარა გელანტია
24.05.23 22:00
1178
“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” (GRDC) თბილისში, ლოგისტიკურ ჰაბს - Tbilisi Logistics Hub - ააშენებს. ინვესტიციის ჯამური ღირებულება 80 მლნ დოლარია.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ GRDC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება და პირველი ფაზა 2025 წელს დამთავრდება, ხოლო დასრულებას 5-6 წელი დასჭირდება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს ამიერკავკასიის ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობაა. ვაპირებთ, დაახლოებით, 100 000 კვ/მ ფართობზე სასაწყობო მეურნეობა და შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

GRDC-ი პროექტის განხორციელებას მალაიზიელ პარტნიორებთან ერთად აპირებს, თუმცა ლევან ყარალაშვილმა, ამ ეტაპზე, კომპანიის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომმა მთლიანად შეცვალა ტრანზიტული ნაკადები და ე.წ. შუა დერეფანი ძალიან მოთხოვნადი გახდა. ძალიან დიდი ინტერესია ჩინეთის მხრიდან ევროპის მიამრთულებით... ჩვენ ვისარგებლეთ ამ მომენტით, და ვინაიდან ჩვენს პორტფელში იყო შესაბამისი ტერიტორია, დავპარტნიორდით ერთ-ერთ მალაიზიურ კომპანიასთან, რომლის თანამფლობელები არიან ჩინელები და მათთან ერთად ვახორციელებთ ლოგისტიკური ჰაბის პროექტს, რომლის გრგ-ის დამუშავება ახლა მიმდინარეობს.

საქართველოში ე.წ. A კლასის სასაწყობო ფართები, რაც გულისხმობს სრულ ციკლს - ტვირთების მიღება, დამუშავება, გაცემა - საქართველოში ძალიან მცირეა; შეიძლება, ჯამურად, სულ 20 000 კვ/მეტრი იყოს. ჩვენი პარტნიორები, ჯამში, 4 მლნ კვ/მ ფართობის საწყობებს მართავენ თავიანთ პორტფელში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამდენად, მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა GRDC-ის დირექტორმა და დასძინა, რომ მალაიზიურ ბიზნესჯგუფთან მოლაპარაკებებს ორი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ.

ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას“, საქართველოს უძრავ ქონებაში, ჯამურად, 300 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.