მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მოსახლეობის მხოლოდ 33.1% ისახავს - სებ-ის კვლევა

632cd1bd7855a
ალა ისპირიანი
23.09.22 10:35
1331
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევაა წარმოდგენილი.

სებ-ის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნერვიულობს, რამდენად შეძლებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებთან გამკლავებას და თვლის, რომ ფინანსები მის ცხოვრებას აკონტროლებს.

"მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ფინანსური მდგომარეობით (58%) და ფიქრობს, რომ მისი ფინანსური სიტუაცია უზღუდავს შესაძლებლობას, აკეთოს მისთვის მნიშვნელოვანი საქმეები (67%), 59% კი ნერვიულობს ყოველდღიური ფინანსური ხარჯების გასტუმრებაზე. 67% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფინანსები აკონტროლებს მათ ცხოვრებას, 65% კი დარდობს იმაზე, რომ შესაძლოა ფული არ ეყოს. მეორე მხრივ, უმრავლესობა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბევრი ფინანსური ვალდებულებები აქვს (62%)", - წერია სებ-ის ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში.

რაც შეეხება საკუთარი ფინანსების კონტროლს, სებ-ის ცნობით მოსახლეობის უმეტესობას გეგმა აქვს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები, როგორ გააკონტროლოს.

"საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები (აქვს ოჯახის ბიუჯეტი), 88% დროულად იხდის გადასახადებს, 71% აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, 70% გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს", - წერს სებ-ი.

კვლევაში ასევე წერია, რომ ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მოსახლეობის მხოლოდ 33.1% ისახავს.

"საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს. (ზოგადად, კი მოსახლეობის 40.4% ისახავს გრძელვადიან მიზნებს). ამასთან, ნაკლებია ნდობა ფორმალური სისტემებისადმი, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%)", - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.

მოსახლეობის 55%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა- სებ