მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREDA-მ საელჩოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

609d0f07e1e35
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 15:39
693
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციამ (GREDA) დღეს, საელჩოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საერთაშორისო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. საბჭოს მიზანი ენერგეტიკის საკითხების განხილვა და მუდმივი მონიტორინგია.

ასოციაციის ინფომრაციით, შეხვედრაზე, დამსწრეებმა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის დარგის მნიშვნელობაც განიხილეს. ასევე, შეჩერებული ინვესტიციები და არსებული გამოწვევები, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ენერგოსექტორს.

„GREDA-მ დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენს სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დარგი.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით, საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში კი ვხედავთ მიზანმიმართულ საწინააღმდეგო კამპანიებს.

ჰესების მშენებლობის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია კვლევების ნაწილი, სწორედ ამ ნაწილის მიმართ არის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, რომლებთაც მისიებში ეკოლოგიასა და მწვანე მიმართულებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. აქედან გამომდინარე, გვსურს, გავააქტიუროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება, როგორც საზოგადეობასთან სწორი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე პროექტზე კვლევების ჩატარების განხრით“, - განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას. ეს კი გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია, მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება“, - აღნიშნა თავის მხრივ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.
(NS)