მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Green Line: კომპანიის დატვირთვა ტვირთების კლების პროპორციულად 30-35%-ით შემცირდა

5e9ffd6b2fb82
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.20 21:41
2049
საერთაშორისო გადამზიდი კომპანია Green Line, რომელიც საქართველოს ბაზარზე სულ წელიწადნახევარია რაც ოპერირებს, COVID-19-ით მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ, კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, გამოწვევების წინაშე დააყენა.

შემცირებული მოთხოვნა, ტვირთები, გადაზიდვებთან დაკავშირებული შეფერხებები - კომპანიიის დამფუძნებელი და დირექტორი რეზო ხვიჩია BM.GE-ს იმ შემაფერხებელ გარემოებებზე ესაუბრა, რომელმაც კომპანიის ბიზნეს აქტივობა შეანელა, ეს გარემოებები კი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივიცაა.

30-35%-ით არის შემცირებული ტვირთების ტრანსპორტირება. იქ, სადაც COVID-19-ით შექმნილი მდგომარეობა უფრო მძიმეა, მაგალითად იტალიასა და ესპანეთში, პროდუქციის ტრანსპორტირება დროში იწელება. მანამდე თუ ტვირთი 12-16 დღეში ჩამოდიოდა, ახლა გვიწევს 20-22 დღე ლოდინი, გამომდინარე იქიდან რომ რიგი ქარხნებისა უცხოურ ბაზრებზე იკეტება, პროდუქციის მიღება გვიანდება და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, ბევრი კომპანია იძულებული გახდა დაკეტილიყო, შესაბამისად მოთხოვნამ იკლო“, - აცხადებს „გრინ ლაინის დამფუძნებელი“.

რეზო ხვიჩია იმ საქონელს ასახლებს, რომელზეც მოთხოვნა ამ პერიოდში გაიზარდა და შემცირდა.

„კომპანიის დატვირთვა ტვირთების კლების პროპორციულია და დატვირთვა 30-35%-ით შემცირებულია. ის, კომპანიები, რომლებსაც ვემსახურებით და ჩამოგვაქვს საკვები პროდუქტები, სამედიცინო დანიშნულების პროდუქტები, ესენი ჩვეულებრივად შემოდის. არის გარკვეული დასახელების საქონელი, რომელიც დღეს უფრო დიდი რაოდენობით შემოდის, ვიდრე აქამდე, მაგალითად სამედიცინო პროდუქცია, პირბადეები, რომელთა იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან ხდება.

მთავრობის დადგენილებით პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების იმპორტის შემთხვევაში დღგ-სგან თავისუფლდება, რამაც გაზარდა ამ პროდუქციის შემოტანა.

რაც შეეხება კლებას, ძირითადად იკლო საყოფაცხოვრო პროდუქციის, სამშენებლო მასალების, ავეჯის და ძალიან ბევრი დასახელების პროდუქტის ტრანსპორტირებამ, რომელიც ამ ეტაპზე მოხმარების საგნები არ არის. ამასთან ლარის გაუფასურების ფონზე არიან კომპანიები, რომლებიც თავს იკავებენ პროდუქციის შემოტანისგან, გამომდინარე იქიდან, რომ გაეზარდათ ღირებულება, მომხმარებელი კი საქონლის შეძენას ვერც განვადებით და ვერც ონლაინ ახერხებს“, - განმარტავს რეზო ხვიჩია.

ევროპისა და აზიის ქვეყნები, თურქეთი და ამერიკა - ეს კომპანიის ძირითადი ბაზრებია, საიდანაც Green Line ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ისინი შეძლებენ იმ ტალღაზე დარჩენას, რომელზე ახლა არის ბიზნესის კეთების მხრივ.

„ჩვენ არ ვმუშაობთ რუსეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა არ ითვალისწინებს რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირებას. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, ორ ლოკაციაზე გვაქვს ჩვენი სასაწყობე ფართები - სოფიასა და ჰასკოვოში, სადაც ხდება შეკვეთების დასაწყობება და შემდეგ საქართველოს მიმართულებით ტრანსპორტირება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს სექტორში პროცესები ჩვეულებრივად განვითარდება. თუ იქნება ის ნორმები დაცული, რაც ამისთვის საჭიროა, ტვირთბრუნვა არ მოიკლებს, მაგრამ არ იქნება იმ რაოდენობით, რაც აქამდე. მდგომარეობის დასტაბილურების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ტვირთის ნაკადი, მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში კი საკვებ და სამედიცინო პროდუქტებზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება, შესაბამისად ამ საქონლის ტრანპორტირებაც მოიმატებს“, - ამბობს Green Line–ის დამფუძნებელი.