მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრინსერვისი +“ თბილისის მერიის ტენდერებში ისევ მონაწილეობს

63be8a1059057
ინგა მურუსიძე
11.01.23 14:30
2079
შპს „გრინსერვისი +“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს, კომპანიამ ტენდერის ფარგლებში დედაქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა განახორციელოს. მთლიანობაში საუბარია 10 მილიონამდე ლარის სამუშაოებზე. უნდა შესრულდეს გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები, ტენდერის საბოლოო ღირებულება 6 850 000 ლარია, ხოლო მეორე ტენდერი მოიცავს ბეტონის სამუშაოებს, ქვის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, და ლითონის დამუშავებას - ტენდერის ღირებულება 3 145 000 ლარია. ორივე ტენდერი დეკემბერში გამოცხადდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრში შპს „გრინსერვისი+“, რომლის დირექტორი კობა ხარშილაძე, ხოლო მესაკუთრე ლაშა ფურცხვანიძეა, აქტიური სტატუსით სარგებლობს და ის ე.წ. შავ სიაში არ შეუყვანიათ. თავად მესაკუთრეები კი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულები არიან ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

bm.ge დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც ამბობენ, რომ კომპანია ე.წ. შავ სიაში არ არის შეყვანილი, რადგან კალაძის უწყება ვაკის პარკში მომხდარზე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება.

კანონმდებლობით კი, კომპანია „შავ სიაში“ მოხვდება, თუკი სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელების, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუზველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:

ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრედენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებები, იმავდროულად აუცილებელია რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

როგორც ჩანს, „გრინსერვისი +“-ს ამ გარემოებებიდან არცერთი არ ეხებოდა იმისთვის, რომ "შავ სიაში" მოხვედრილიყო.

ინფორმაციისთვის, შს სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. უწყების ცნობით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.

ამასთან, შპს "გრინსერვისი +" რეგისტრირებულია 2010 წელის 24 ივნისს. შპს „გრინსერვისი +“-ის მესაკუთრეები არიან: 1) კობა ხარშილაძე 33 %; 2) ლაშა ფურცხვანიძე 33%; 3) ტარიელ კიკნაძე 34%. კომპანიის დირექტორი არის ლაშა ფურცხვანიძე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის მშენებლობა და ნერგების და ჩითილების წარმოება,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს კომპანიამ - 18.2 მილიონის, 2019 წელს კი 20 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება 2.7 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი - 3.2 მილიონი ლარი.

კომპანია “გრინსერვისი+”-ის შესახებ საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 2013 წელს სახელმწიფო ფინანსურ დანაშაულს ედავებოდა.

“2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.

2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ლაშა ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, კობა ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დააარსეს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.