მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gross Energy: საქართველოში ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს

5ddce207a8e6f
დავით ჯალაღონია
26.11.19 20:46
2292
Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს.

როგორც მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დარგობრივი სამინისტრო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის ბიუროკრატიულ ბარიერებს მოხსნის.

"საკმაოდ რთულია ნებართვის მოპოვების პროცესი, რადგან მხოლოდ ერთი სამინისტრო, ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის ამ პროცესში ჩართული. სასურველია, ამ მხრივ ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგოს, პროცესი გამარტივდეს და უფრო გამჭვირვალე იყოს, ხელშწყობა მოხდეს ამ მხრივ, რაც ნებართვის აღების პროცესს, რომელიც თითქმის ერთ წლამდე გრძელდება, მინიმუმ ექვსი თვით შეამცირებს.

ჩემი აზრით, ენერგეტიკის სამინისტრო აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს დარგი ქვეყნისთვის სტრატგიულია, ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები FDI-ს ფორმირებაში წამყვანია და იმ პროექტების რაოდენობა, რომლებიც მემორანდუმების, წინარე კვლევების, ან სამშენებლო ეტაპზეა, უკვე 100-ს აღემატება. თუ არ იქნება კონცენტრირებული კონკრეტული სამინისტრო, რომელიც ამ მთელ პროცესს მენეჯმენტს გაუწევს, ვფიქრობ, პროცესები სწრაფად ვერ განვითარდება და ეს ხელის შემშლელია, როდესაც სხვადასხვა სტრუქტურებთან გაქვს ურთიერთობა", - განმარტა ირაკლი ტყებუჩავამ.

ცნობისთვის: Gross Energy Group-ი ელექტროსადგურების პროექტების საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს, მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში გაუქმდა. მიმდინარე წელს კი, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ამ უწყების აღდგენის იდეას მხარი დაუჭირა. ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის მომხრეთა რიგებშია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეც.