20.თებერვალი .2022 17:59

გთავაზობთ გასული კვირის TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას

გთავაზობთ გასული კვირის TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას
views 882
უკან

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკურ მოვლენა:

1. 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 20.6%-მდე გაიზარდა
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების სამთავრობო პროგრამა
3. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაქვეითდა
4. 2022 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 12,7%-ით გაიზარდა
5. 2022 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებლები გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონეს კვლავაც ჩამორჩება
6. FITCH-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის
7. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო სექტორს
8. ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში
9. რა მდგომარეობაა საქართველოს საწვავის ბაზარზე და რამდენად მოსალოდნელია ფასების ზრდა
10. რამდენი მილიონის საპენსიო სესხია გაცემული საქართველოში


1. 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 20.6%-მდე გაიზარდა
2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 19.0% შეადგინა. 2021 წელს კვარტლების მიხედვით უმუშევრობის დონის ცვლილებები შემდეგი იყო: I კვარტალში 21.9%, II კვარტალში 22.1%, ხოლო მომდევნო პერიოდიდან კლების ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად III კვარტალში უმუშევრობის დონე 19.5%-მდე, ხოლო IV კვარტალში 19.0%-მდე შემცირდა. რაც შეეხება საშუალო წლიურ მაჩვენებლებს, უმუშევრობის დონემ 2021 წელს 20.6% შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 2.1%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 3.0%-ით მეტია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BvA5HX  ; https://bit.ly/3GYOxct 

2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების სამთავრობო პროგრამა
მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავს. პროგრამის მიხედვით, მთავრობა 200 000 სოცდაუცველის დასაქმებას გეგმავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 50 ათასი სოციალურად დაუცველის მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში დასაქმება. დასაქმების პარალელურად კი არათუ სახელმწიფო დახმარება არ შეუწყდებათ, არამედ დამატებით ყოველ თვე 300 ლარს მიიღებენ.

იმ ფონზე, როცა მთლიანი ეკონომიკური აქტივების 70-80% ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში უმოქმედოდ არის, რომელთა კაპიტალიზაციაც 0-ის ტოლია, აქტივები რომლებიც ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში და ქმნიდეს ახალ ბიზნესებს, ასაქმებდეს ადამიანებს, მისი მესაკუთრეებისთვის მოჰქონდეს შემოსავლები, ამ პოლიტიკის ნაცვლად, მთავრობა ბიუროკრატიის ზრდით და გადასახადების გადამხდელთ ფულის ხარჯვით ცდილობს "სიღარიბის დაძლევას".
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LJrKFh  ; https://bit.ly/3s3ahQl ; https://bit.ly/3s3PuvX ; https://bit.ly/3sO3KIm 


3. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაქვეითდა

The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ერთბაშად 14 პოზიციით დაქვეითდა და 71.8 ქულით 26-ე პოზიცია დაიკავა. ამ შედეგით ის უმეტესად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შემადგენელი თითქმის ყველა კომპონენტი გაუარესდა, განსაკუთრებით კი ვარდნა ფისკალური სიჯანსაღის კომპონენტში დაფიქსირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sJAiDm ; https://bit.ly/3gURAYC 

4. 2022 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 12,7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 12,7%-ით გაიზარდა და 168.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა დოლარი. გზავნილების მოცულობის მიხედვით სამეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: იტალია (33,3 მლნ აშშ დოლარი); რუსეთი (22,4 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (20,3 მლნ აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LJMfl9 

5. 2022 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებლები გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონეს კვლავაც ჩამორჩება
2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 114,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30,7%-ით ნაკლებია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას, 2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 471%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის იანვრის მაჩვენებლის 38%-ია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/357YQ0w 

6. FITCH-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის
FITCH-ის წარმომადგენელმა პოლ გემბლმა გადაცემა „ანალიტიკა“-ს წამყვანის, ელენე კვანჭილაშვილის კითხვებს უპასუხა, სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელება დაასახელა. ამ ფონზე კი 2022 წელს 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ტურიზმის აღდგენაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sVQcKQ 

7. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო სექტორს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობა სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით 500 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს დაიწყებს. პროექტის ფარგლებში მთავრობა სამშენებლო ბიზნესს სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის დაკვეთას მისცემს, თანხას კი განვადებით გადაიხდის. პროგრამის დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა აღნიშნული პროგრამით ეკონომიკის ზრდის 1-დან 2%-მდე დაჩქარების პროგნოზს აკეთებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3HZCzka ; https://bit.ly/3s37cji ; https://bit.ly/3I5dcNY 

8. ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში
ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირეს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებლებს GMP სტანდარტის სერტიფიკატის ქონა დაევალებათ. საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი, კანონის საბოლოო დამტკიცების შემდეგ კი მთავრობა სპეციალურ დადგენილებას მიიღებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3h0vUKF 

9. რა მდგომარეობაა საქართველოს საწვავის ბაზარზე და რამდენად მოსალოდნელია ფასების ზრდა
ბოლო პერიოდში ნავთობკომპანიები საწვავზე ფასის ზრდას აანონსებენ, რასაც ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ზრდით ხსნიან, კონკურენციის სააგენტო კი ამ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართავს ფასის ზრდის დაანონსებისგან თავი შეიკავონ. ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც მთავრობას შეუძლია ადგილობრივ დონეზე საწვავის ფასის ზრდის მოთოკვა, არის აქციზის განაკვეთის შემცირება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით საწვავზე ფასის ზრდის შემთხვევაში მთავრობა ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ აანონსებს.
კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებით, იმპორტის, ასევე საცალო მიმართულებით კონკურენციის დონეს გაუმჯობესებულად აფასებს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 22.1% იყო, მეორე-მესამე ადგილებზე კი რუსეთი (19,2%) და რუმინეთი (18,2%) არიან.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3h3siaV ; https://bit.ly/33AsnzN ; https://bit.ly/3h2bzoc ; https://bit.ly/3v3LddR 

10. რამდენი მილიონის საპენსიო სესხია გაცემული საქართველოში
“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო სოციალური დახმარებითა და პენსიებით უზრუნველყოფილი 367.5 მილიონი ლარის “საპენსიო სესხი” არის გაცემული. კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 35.4%-ია. თავის მხრივ, "ლიბერთი ბანკის" მთლიანი საკრედიტო პორტფელის 18% საპენსიო სესხებზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო მოცულობა 934 ლარს შეადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BGwRkT ; https://bit.ly/3BAKa6l