მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გუდაურსა და ბაკურიანში სასტუმროების ამოქმედებას ვგეგმავთ“ - Inn Group-ის მოლოდინები

5fb79d8d554df
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 23:33
1109
კომპანია Inn Group-ი, რომელიც სასტუმროებს თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში მართავს, ზამთრის სეზონისთვის ემზადება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამოქმედდება თუ არა სასტუმროები ზუსტად არ იციან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ვგეგმავთ გავხსნათ Gudauri Inn და Bakuriani Inn, თუ რაღაც ახალი შეზღუდვები არ შემოვიდა“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

BM.GE-სთან საუბრისას ერეკლე კოკაია ამბობს, რომ დღეისთვის დამსვენებელთა მხრიდან მოთხოვნა არის და არსებული პრობლემების მიუხედავად, Inn Group-ი მომხმარებლებს ყველა შესაძლო სერვისს შესთავაზებს.

„ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, დაწყებული იქიდან რომ ჩვენ ძირითადად უცხოელები გვსტუმრობდნენ, წელს ამის პრეტენზია არ გვაქვს და ვიმუშავებთ მხოლოდ ადგილობრივ დამსვენებელზე. რა თქმა უნდა, მათ სპეციალურ პაკეტებს შევთავაზებთ, იმისთვის რომ მოვიზიდოთ დამსვენებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, თავად ადგილობრივებსაც არ მოუნდეთ დასვენება სასტუმროებში, ამიტომ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივებისთვის დასასვენებლად უფრო მისაღები ბაკურიანია და შესაბამისად მოთხოვნა მათ სასტუმროში სწორედ ამ მიმართულებითაა წამოსული. დღეს არსებული ჯავშნებითა და მდგომარეობის ამგვარად განვითარების შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დატვირთვა Bakuriani Inn-ში 70-80% იქნება.

„მარტის შემდეგ ბაკურიანის სასტუმრო საკარანტინე ზონად გადავეცით სახელმწიფოს, ზაფხულში გავხსენით და საკმაოდ მაღალი დატვირთვით ვიმუშავეთ, შესაბამისად რეკომენდაციების დაცვის ყველანაირი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია ვიმუშავოთ ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ არც ჩვენს დამსვენებელს და არც თანამშრომელს. შესაბამისად მაგაზე არ ვდარდობთ და ვიცით რა გავითვალისწინოთ. ჩვენ მზად ვართ.

სარეკლამო კამპანია ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მოთხოვნა ჩვენი დამსვენებლებისგან უკვე შემოდის და იმედი გვაქვს, რომ ხალხი დააპირებს დასვენებას ზამთარში. დეკემბრის მეორე ნახევარზე ჯავშნები უკვე წამოსულია“, - განაცხადა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბაკურიანისგან განსხვავებით, Gudauri Inn-ში ადგილობრივების მოთხოვნა არც ისე დიდია, რასაც კომპანიის ხელმძღვანელი სხვადასხვა ფაქტორებით ხსნის. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოდან ფრენები რამდენიმე მიმართულებით სრულდება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უცხოელ ტურისტებს ჩამოსვლა უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ.

„ბაკურიანის და გუდაურის მდგომარეობა ძალიან განსხვავებულია, რადგან გუდაური ძირითადად უცხოელებზე მუშაობდა და ქართველი დამსვენებელი მხოლოდ შაბათ-კვირას გვყავდა.

უცხოელი ტურისტების ჩამოსვლის მოლოდინები არ გვაქვს. მაგალითად გახსნილია ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათთან გვაქვს კომუნიკაცია. ზაფხულში შევთავაზეთ დაბალბიუჯეტიანი პაკეტები, თუმცა მოთხოვნები ჯერ არ წამოსულა. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უცხოელებს ეშინიათ აქ ჩამოსვლა, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. სამწუხაროდ, უცხოელებიდან ჯერ მოთხოვნა არ არის“, - აღნიშნავს ერეკლე კოკაია.

ერეკლე კოკაია ზუსტად ვერ ასახელებს რა ფასად შეძლებენ ადგილობრივები მათ სასტუმროებში დასვენებას და განმარტავს: „ფასის შემუშავების პროცესში ვართ, რაც დამოკიდებულია იმაზე რა პროგრამის შეთავაზებებს შევძლებთ დამსვენებლისთვის. რაც უფრო მეტი რეგულაციის გათვალისწინება მოგვიწევს, მით ნაკლები აქტივობა შევა ჩვენს პაკეტებში, შესაბამისად ფასიც უფრო დაბალი იქნება“.

კითხვაზე - რას მოიმოქმედებენ თუ რეგულაციები იმდენად მკაცრი აღმოჩნდება, ვიდრე იმედოვნებენ, Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამაზე ფიქრიც არ უნდა.

შეგახსნებთ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნის საკითხზე მუშაობს.