მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში საპირფარეშოების პრობლემას მთის კურორტების კომპანიაშიც არ უარყოფენ

5df254f53c87c
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.19 21:30
856
„გასულ წელს, გუდაურში დავამონტაჟეთ 6 ცალი ახალი საპირფარეშო, რომელიც ფასიანია“, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომელიც კურორტზე საპირფარეშოებში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ BM.GE-სთან საუბარში ადგილობრივი ბიზნესის CUBGudauris მფლობელმა განაცხადა, რომ  სეზონზე საჯარო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი, საპირფარეშოები, წყლის პრობლემის გამო მწყობრიდანაა გამოსული და დამსვენებელი ვერ სარგებლობს ელემენტარული საჭიროების ინფრასტრუქტურით.

თავის მხრივ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ მთაზე 6 საპირფარეშოა, რომელთა მოწესრიგებასაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს, თუმცა არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ დამსვენებლების მხრიდან ამ თემებზე ერთგვარი უკმაყოფილებაა.

„შარშან დავაყენეთ 6 ცალი ახალი საპირფარეშო, რომელიც ფასიანია, თუმცა საპირფარეშოების მოწესრიგება-გაწმენდა ზოგჯერ წყლის პრობლემის გამო ვერ ხორციელდება. აუქციონის წესით გვყავს გამოვლენილი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საპირფარეშოების მოწესრიგებას და ისინი ყოველდღიურად იწმინდება.  მომხმარებელმა ერთხელ მოუწესრიგებელი საპირფარეშოს ფოტო გამოგვიგზავნა და მას შემდეგ ზომები გამკაცრდა ანუ ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებდით საპირფარეშოების სისუფთავეს.  მეორე საბაგიროზე რომ დაჯდებით და ახვალთ ზემოთ, ზუსტად იქ არის ერთი საპირფარეშო, ასევე გონდოლის ზედა სადგურის გასწვრივ, იქაც ორი საპირფარეშოა. ქვედა გონდოლასთანაც არის საპირფარეშოები. საპირფარეშოები მთაზე ნამდვილად არის, თუმცა მათი ადგილმდებარეობა ხშირად არ იციან დამსვენებლებმა“, - განაცხადეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წელს ახალი აუქციონი ჩატარდა და გამოვლინდა კომპანია, რომელიც გუდაურში მთაზე დამონტაჟებული საპირფარეშოების მოწესრიგებას 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ანუ დაზიანების შემთხვევაში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.