თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"იცით, რომ ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უშუალოდაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. სამუშაოებს "თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებს.
მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაში არიან ჩართულნი - ესენი არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. სხვათაშორის, სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, სამუშაოები 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.