20.სექტემბერი .2019 14:15

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე 62 მლნ ლარი დაიხარჯება-მიმდინარე სამუშაოები პრემიერმა მერთან ერთად დაათვალიერა

views 286
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

დედაქალაქის მერის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, გუდიაშვილის მოედანზე დამატებით 12 შენობის რეაბილიტაციის თაობაზე.

„გუდიაშვილის მოედანზე და მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ასეთი დაახლოებით 14 შენობა იყო.

გუშინ კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს კიდევ 12 ნაგებობის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდება სამუშაოები ამ კონკრეტულ არეალში.

კიდევ ბევრი შენობა-ნაგებობაა დარჩენილი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გავყვებით, რათა თბილისში კულტურული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას. ეს ადგილი თავისი ისტორიითა და კულტურით გამორჩეულია. მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.

როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები დაფიქსირდა. ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით აღმოჩენილი ისტორიული ნაშთები შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.

აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები , ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.
აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 000 000 მილიონს. 2019-2020 წლების სამუშაოებისთვის კი დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის საერთო ღირებულება 62 000 000 ლარს შეადგენს.

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები; მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები; ხის აივნების მოწყობის სამუშაოები; ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდითი სამუშაოები.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.


გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა