მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველი ე.წ. გაკოტრების შესახებ კანონპროექტს აფასებს

5e3eaf2719b1d
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.20 17:37
1786
„გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველმა და „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ე.წ. გაკოტრების შესახებ კანონპროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი საშუალებას მისცემს კომპანიას, ოპერატიულად მართოს მის წინ არსებული რისკები და მიიღოს ექსტრემალური გადაწყვეტილებები.

„ეს კანონი უზრუნველყოფს - როგორ მივიდეს ბიზნესი რეაბილიტაციამდე, თორემ კანონი ვერ დაგიწერს ბიზნესი როგორ უნდა წაიყვანო, იმიტომ, რომ შეიძლება უამრავი კომპანია აღმოჩნდეს, რომელსაც აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომა ესაჭიროება. შემოდის რევოლუციური ცვლილება, ეს არის გადხდისუუნარობის პრაქტიკოსი. როგორც პროფესიას, მას კვალიფკაცია არ გააჩნია. ასეთი ადამიანები სერტიფიცირებული იქნებიან თუ არა - ეს დასახვეწია და ამას პრაქტიკა გვაჩვენებს, მაგრამ ის, რომ ნებისმიერი პირი შეიძლებოდა გამხდარიყო რეაბილიტაციისა და განყოფილების მმართველი - ეს დარეგულირდა და ასე აღარ იქნება.

ასევე მომრიგებელი საბჭო გაუქმდა, რომელიც რაღაც კონდიციის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებდა - რა უნდა გაეკეთებინა მომავალში კომპანიას. ახლა ამ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, ანუ მოსამართლეების საკითხიც ამ შემთვევაში მნიშვნელოვანია, ფინანსურ უწყისებში ჩახედვა მოუწევთ მოსამართლეებს, როგორ წავა ეს პრაქტიკა ვნახოთ“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

„გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველმა აღნიშნა, რომ კომპანია კარგად თანამშრომლობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რომელიც ერთგვარად მარეგულირებლის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, ამ პროცესში მსგავსი ტიპის საჯარო უწყების ჩართულობა, არ არის დასაშვები.

„ამ კანონით აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩარევა გამოირიცხა და უფრო მეტიც ბიურო აუქციონსაც აღარ მოაწყობს. აქამდე ხშირ შემთხვევაში შინაარსშიც შედიოდა.

რამ განაპირობა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამ პროცესში შემოსვლა? ეს განაპირობა იმან, რა ფუნქციასაც ასრულებს ახლა ის - მეურვის ფუნქციამ. ამ საქმეში ჩართულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავდათ კონკრეტული ბიზნესის შემდგომი განვითარება. აღსრულების ბიუროსთან შესანიშნავად ვთანამშრომლობდით, თუმცა, ეს არის რეალურად საჯარო სამსახური. ბიზნესში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოპერტიულად მისაღები იყოს, ხოლო საჯარო სამსახურში თუ შავით თეთრზე არ წერია, ეს ვერ ხერხდება, ამიტომ პროცესი იჭიმება და მიდის სასამართლოში, პროცესი ჩერდება და ის საქმე, რაც ბიზნესმა რეაბილიტაციისთვის უნდა გააკეთოს, არ ხერხდება.

გარდა ამისა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს კერძო კომპანიებში საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა. არ არის სასურველი რომ სახელმწიფო ამაში იყოს ჩარეული და როდესაც სახელმწიფოს მეურვეა ამ პროცესში ჩართული, ეს მიუღებელია. ეს რისკიც იხსენება და ეს არის კარგი ამბავი“, - განაცხადა პაპუკაშვილმა.