22.აგვისტო .2019 09:30

GuestMe - ტურისტების სახლში გამასპინძლება საქართველოში კომერციულ დანიშნულებას იძენს

views 531
უკან

GuestMe - ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც ქართველ მასპინძლებსა და იმ ტურისტებს აკავშირებს ერთმანეთთან, რომლებსაც საქართველოში მოგზაურობისას ადგილობრივი კულტურა და სტუმართმოყვარეობა აინტერესებთ, - ამის შესახებ GuestMe-ის თანადამფუძნებელმა თორნიკე ფხოველიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

„ჩვენ მასპინძლების შერჩევის სამი ეტაპი გაქვს. პირველ რიგში, ის ადამიანი, ვისაც სურს ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება უნდა დაგვიკავშირდეს ტელეფონის, სოციალური ქსელის ან ვებ-საიტის მეშვეობით, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. შემდეგ პირადად ვეცნობით მას და ეწყობა სატესტო საღამო, რის შედეგადაც გადაწყდება სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა, დავიწყებთ თანამშრომლობას თუ არა“, - აღნიშნა თორნიკე ფხოველიშვილმა.

მისი თქმით, მასპინძელს ესაჭიროება, რომ იცოდეს უცხო ენა, ერთი მაინც. იყოს სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური, ასევე აუცილებელია, რომ მასპინძელმა გემრიელი, ქართული კერძების მომზადება იცოდეს.

“დღესდღეობით, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ისეთი მასპინძლის პოვნა, რომელიც ყველა კრიტერიუმს ერთად დააკმაყოფილებს და გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს დრო, რომ უმასპინძლოს სტუმრებს. რაც შეეხება თავად პლატფორმას, ის ახდენს ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას ბაზარზე და პროცენტულად ბევრად მეტი ტურისტი გვეყოლება, რომლებიც სასურველ შეთავაზებას მიიღებენ და კმაყოფილები დაბრუნდებიან უკან, რაც თავისთავად, დაბრუნების კოეფიციენტში გადაიზრდება,“ - აღნიშნა თორნიკე ფხოველიშვილმა.

როგორც GuestMe-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ბევრი პოტენციური პარტნიორი და მასპინძელი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც დაინტერესებულია მასპინძლობით, თუმცა აქტიურ ფაზაში პლატფორმა სექტემბრიდან ამოქმედდება.

„გამოიკვეთა სეგმენტი, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა და მოტივაცია არ არის შემოსავლის მიღება. მათი სურვილია, უბრალოდ შეხვდნენ უცხო ადამიანებს, გაეცნონ და გააცნონ მათ ქართული კულტურა და ჩვენი ტრადიციული სამზარეულო,“ - განაცხადა ფხოველიშვილმა.

რაც შეეხება პლატფორმის ბიზნეს-კომპონენტს, დამფუძნებლებისთვის ის ფინანსური წილია ყოველი გაყიდული სადილიდან და ვახშმიდან, რომელიც შემდეგ, როგორც ამბობენ, ისევ სტარტაპის საოპერაცო ციკლის გამართვას ხმარდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა