მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გულის ცენტრის" დირექტორი: "ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრას დაგვპირდა, მაგრამ არ შემდგარა"

5dd2c00cbc7dc
ნუცა ბაზლიძე
19.11.19 09:45
6229
კლინიკა „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე bm.ge-ისთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს აფასებს და აცხადებს, რომ ის თავადაც იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების სიაშია, რომელთაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მისწერეს.

შეგახსენებთ: გასულ კვრას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება პრემიერის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება.

„თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რეგიონების კლინიკების თითქმის 95%  წერილში გამოთქმულ დამოკიდებულებას იზიარებს.

„ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწვეტილება, ისე, რომ არც ერთ ასოციაციასთან თუ დარგობრივ ორგანიზაციასთან არაა შეთანხმებული. საფრთხეები, პირველ რიგში, ეხება პაციენტების უსაფრთხოებას და მკურნალობის ხარისხს, რომლის უზრუნველყოფა იმ ტარიფებით, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, ეს კლინიკების მიერ სამუშაოს ვერშესრულებას გამოიწვევს. იმისთვის, რომ კლინიკებმა ფუნქციონირება შეძლონ, მოგვიწევს ტოტალურად ყველა ექიმისთვის, ექთნისთვის, სანიტრისთვის ხელფასების შემცირება, ასევე დაბალხარისხიანი მოწყობილობების, იმპლანტების მოძიება და არის პოზიციები, როცა სახელმწიფოს ფასი იმდენად დაბალია, რომ ამ მოწყობილობების ფასსაც ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.

„ცაიტ-ნოტურ მდგომარეობაში ვართ. არანაირი გამოხმაურება არ არის. მინისტრი შეხვედრას დაგვპირდა, თუმცა ის არ შემდგარა“, - აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ გარდა არშემდგარი შეხვედრისა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურება სხვა ფორმით არ ყოფილა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, მხოლოდ ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ.
არჩილ ჩუხრუკიძის ინფორმაციით, პრემიერის დადგენილება ძალაში 20 ნოემბერს შედის.