მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში გრანტის სახით სახელმწიფოს მხრიდან ₾2 მლნ-მდე ინვესტირება განხორციელდება - "აწარმოე საქართველოში"

6331ae8e210cd
BM.GE
26.09.22 23:20
533
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრისას მონაწილეებს მან სააგენტოს არსებული და სამომავლო პროგრამები გააცნო, რათა მეწარმეებს სამომავლოდ შესაძლებლობა ჰქონდეთ, „აწარმოე საქართველოში“ არსებული პროგრამების ხელშეწყობით, ისარგებლონ და თავიანთი საქმიანობა გააფართოვონ.

ირაკლი გაბრიაძის თქმით, 2022 წელს მიკროგრანტების პროგრამას უპრეცედენტო რაოდენობის - 1400-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით 1400-მდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა როგორც ახალი ბიზნესები, ასევე ახალი სამუშაო ადგილები.

„გურიის მხარეში წელს 62 გამარჯვებული პროექტი გვყავს და ამ პროექტის ფარგლებში 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება გრანტის სახით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება. რეგიონში ასზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, -აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ მიკრომეწარმეებს სახელობითი აბრები გადაეცათ.

მიკრო და მცირე გრანტების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოვლინდა 1 400-მდე გამარჯვებული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 38 481 357 ლარია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 3 815 სამუშაო ადგილი. მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან 2021 წლის ჩაათვლით სულ დაფინანსებულია 7 ათასამდე პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 78 689 703 ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 17 446 ადამიანს აღწევს.