მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გურიელის“ მენეჯმენტში ცვლილებებია

63219c4256c51
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.22 13:20
1229
კომპანია „გეოპლანტის“ მენეჯმენტში, რომელიც „გურიელის“ ბრენდით სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, ცვლილებებია.

აღნიშნულ საკითხზე BM.GE-ი კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ლევან გოგავას დაუკავშირდა და აქციონერთა სიასა და მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებით დაინტერესდა. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აქციონერთა ნაწილმა წილები დათმო, რის ხარჯზეც სხვა აქციონერთა წილები გაიზარდა.

„კომპანიამ რამდენიმე თვეა რეორგანიზაცია დაიწყო. აქციონერთა წილების ცვლილებებთან ერთან ჩვენ ახალი ძალებით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე „გურიელის“ ბრენდის გაძლიერების მიზნით ბიზნესის მართვის ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ. ბოლო პერიოდში წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, საწარმო სიმძლავრეების გაზრდისა და კომპანიის გაძლიერების მიზნით მენეჯმენტში რეორგანიზაცია მოხდა. ამასთან ცვლილებებია აქციონერთა სიაშიც. ძველი აქციონერები გავიდნენ და სხვა აქციონერთა წილები გაიზარდა“, - ამბობს ლევან გოგავა.

მისივე თქმით, დღეს კომპანია ოზურგეთში 100 ჰა-მდე ფართობზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებს და საწარმოს მართავს. ამასთან ჩაის წარმოებისთვის „გურიელი“, იგივე "გეოპლანტი" ჩაის ადგილობრივ ფერმერებისგან იბარებს.

„განახლებული ძალებითა და კომპანიის მართვის ახალი მიდგომებით, ვემზადებით ჩაის კრეფის სეზონისა და ჩაის ახალი პარტიების წარმოებისთვის. ამისთვის კი დამატებითი ინვესტიციებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან გოგავამ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დღეს „გურიელის“ ბრენდის მმართველი კომპანია „გეოპლანტის“ პარტნიორთა სიაში ნიდერლანდების მოქალაქე ბობ მეიერი (29.2%-იანი წილით), მამუკა ხაზარაძე (28.35%-იანი წილით, რომელსაც ნიკა ხაზარაძე მართავს), ბადრი ჯაფარიძე (28.35%-იანი წილით, რომელსაც თამარ ჯაფარიძე მართავს) და თავად კომპანია შპს "გეოპლანტია" (14.1%-იანი წილით).

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის ყოფილი მეწილე მიხეილ მელუა პარტნიორთა სიაში გასული წლის ნოემბერში ფიქსირდებოდა, დავით დუმბაძე კი მიმდინარე წლის ივლისში.