მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ სწრაფი ტესტით ინფიცირების 1 400 შემთხვევა გამოვლინდა - თამარ გაბუნია

5fc9f18f4fb96
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 12:25
715
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, გუშინ ჩატარებული PCR-ისა და ანტიგენზე დამყარებული ტესტების რაოდენობამ 17 000 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ მან საკოორინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ დღეს მოქალაქეების ტესტირების შედეგებს უმოკლეს დროში იგებენ, რაც გამოვლენის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.

„გუშინ ანტიგენის ტესტით დადასტურდა ინფიცირების 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ამ შემთხვევაში პირველი კომუნიკაცია უნდა მოხდეს ოჯახის ექიმთან და კონსულტაციის შემდეგ, მოქალაქემ შეიძლება მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას - ეს შეიძლება იყოს პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო ჯანდაცვის ცენტრები და პოლიკლინიკა. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ პაციენტმა უზრუნველყოს საკუთარი თავის იზოლაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ის წესები განმარტა, რომელიც მოქალაქემ ვირუსის დადასტურების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს.

„დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე და მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. დღეს პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს და იქვე უჩნდება შეკითხვა, როგორ მოიქცეს. გუშინ 112-ში ბევრი ზარი განხორციელდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის საჭირო 112-ზე დარეკვა; აუცილებელია, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია. 112-ზე ვრეკავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი თვლის, რომ სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.