მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუტიერეში: გლობალური საფრთხე მოითხოვს ერთიანობისა და სოლიდარობის ახალ ფორმებს

5ece419866687
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 23:00
1033
ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა Vatican News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„გლობალური კოორდინირებული ძალისხმევის სისუსტე ის არის, რომ კლიმატის კრიზისს პასუხი ვერ გავეცით, ბირთვული იარაღის გავრცელების რისკები გავზარდეთ და ვერ შევთანხმდით ინტერნეტის სივრცის უკეთ რეგულირებაზე. პანდემიამ უნდა გამოგვაფხიზლოს. გლობალური საფრთხეები ახალ ერთობასა და სოლიდარობას მოითხოვს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტიერეშმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა იმ ადგილებში შეიძლება გაიზარდოს, სადაც კორონავირუსთან გამკლავება არ შეუძლიათ.

გუტიერეშის განცხადებით, გაეროს წევრი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზებაზე, რათა შესაძლებელი იყოს სოციალური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა სხვადასხვა ქვეყნებისთვის საჭიროების შემთხვევაში.

„გაერომ 100-ზე მეტ ქვეყანას გაუწია დახმარება და მიაწოდა მილიონობით კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი, რესპირატორები, სამედიცინო ნიღბები, მათ შორის ლათინურ ამერიკას, აზიას და აფრიკას“, - განაცხადა გუტიერეშმა.