მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვაინტერესებს, სახელმწიფო რამდენ ხანს აპირებს CFD ინსტრუმენტის გამოყენებას“ - აბრამიშვილი

6370a82368acc
თათია კაკიაშვილი
13.11.22 13:00
675
„პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი CFD ინსტრუმენტი სულ მცირე მომდევნო 10 წლის განმავლობაში იმუშავებს. საინტერესოა იმის დაზუსტება, რამდენი ხანი აპირებს სახელმწიფო ამ ინსტრუმენტის გამოყენებას,“ - ეს განცხადება განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ახალ ინსტრუმენტზე საუბრისას გააკეთა.

CFD ინსტრუმენტი ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელია, რომლითაც მთავრობის გათვლებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით, კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, სწორედ CFD ინსტრუმენტია იმის წინაპირობა, რომ ენერგეტიკის სექტორმა ინვესტიციების მოზიდვა დაიწყოს, თუმცა შედეგების დანახვას საშუალოდ ნახევარი წელიწადი მაინც დასჭირდება.

„ბიზნესში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა და განჭვრეტადობა იგრძნობოდეს ანუ გასაგები იყოს თამაშის წესები, რომლებიც მომდევნო 5-10 წელი იმოქმედებს. სასურველი იქნებოდა, ჯერ ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედებულიყო, ბიზნესი და სექტორი შეჩვეოდა თამაშის წესებს; შემდეგ კი, მას ხელშეწყობის ინსტრუმენტი დაეწეოდა. ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს და ძალიან ჩქარა უნდა ავამოქმედოთ ეს დარგი და სექტორი.

ამასან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი შერჩევის პრინციპები ჩამოყალიბდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას, რათა მათ მთავრობის მიმართ არასწორი მოლოდინები არ შეიქმნან და საბოლოოდ ვერ მივიღოთ განხორციელებული პროექტები და მივიღოთ სპეკულაციური ბაზარი, სადაც ვაჭრობა ფურცლებით და შეთანხმებებით იქნება.
მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის შანსიც არის - გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ დააჩქარა გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ინვესტიციების მოსაზიდად დარგში ხელშეწყობის ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი რესურსი ავითვისოთ.

ასევე, მეზობელი ქვეყნებისგან სიგნალები წამოვიდა, რომ ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, ეს გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება დააჩქარებს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც იქნება ზღვისქვეშა კაბელის გაყვანა, რომელმაც უნდა დაგვაკავშიროს აღმოსავლეთ ევროპასთან, რომ შესაბამის პერიოდში ჩვენი ჭარბი ენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.