20.თებერვალი .2020 13:25

"გვაქვს ამბიციური გეგმა, წლის მეორე ნახევარში უფრო გავამარტივოთ დღგ–ის დაბრუნების პროცესი"

views 1016
უკან

„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება“, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, გადის სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას, ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები, რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია. საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ, დღგ-ის თაღლითობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ეს სირთულე, ზოგადად, თან ახლავს ამ გადასახადს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 150 მილიარდ ევრომდე საგადასახადო დანაკარგია დღგ-ის სხვადასხვა სქემის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენ მკაცრად მოვახდინეთ რეაგირება არა მხოლოდ ცალკეულ არაკანონიერ ქმედებაზე, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დღგ–ის ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით სამინისტროს ამბიციური გეგმა აქვს.

„ვფიქრობთ, წელს შევძლებთ კიდევ გავზარდოთ დაბრუნების მაჩვენებელი და გავცდეთ 800 მილიონიან ნიშნულს, გვაქვს ამბიციური გეგმა წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გავამარტივოთ დღგ–ის დაბრუნების პროცესი, მოვხსნათ გადამხდელის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა, კერძოდ, როგორც კი გადამხდელი დაასრულებს გადახდის პროცესს, რისკების მართვის სისტემა ავტომატურ რეჟიმში გადაამოწმებს დეკლარირებულ მაჩვენებლებს და კუთვნილ ზედმეტობას მოთხოვნის გარეშე დაუბრუნებს გადამხდელს“, – განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა