20.ივნისი .2020 10:40

გვჭირდება მეტი ინფორმაცია საზღვრების გახსნის და წესების შესახებ - „ადმირალი“

views 557
უკან

"პირველი პრობლემა, რაც უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში არსებობს, ინფორმაციის ნაკლებობაა" - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „ადმირალის“ გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე ქიქავამ განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელ ქვეყანასთან და რა წესებით მოხდება საზღვრის გახსნა, რაც ართულებს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს, ამიტომ სასტუმროს ხელმძღვანელი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც განთავსდება ინფორმაცია სად და რომელ ქვეყნებთან იხსნება საზღვრები.

„პირველი პრობლემა, რაც უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში არსებობს, არის ის, რომ არ არის რაღაც ისეთი სანდო წყარო, როგორიც არის მაგალითისთვის stopcov.ge, სადაც შედიხარ და ამოწმებ რამდენი ინფიცირებულია. ზუსტად ასეთი გვერდი რომ შეიქმნას, სადაც იქნება ქვეყნების ჩამონათვალი და ინფორმაცია, რომელი ქვეყანა რომელ ქვეყანასთან აპირებს საზღვრების გახსნას და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის რა იქნება საზღვრის კვეთის პროცედურა; ეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ უცხოელებთან ინდივიდუალური თუ პარტნიორული მიმოწერისას შეგვეტანა სიცხადე, მაგრამ რადგან არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, კონკრეტულ შეთავაზებამდე და მოლაპარაკებამდე ვერ მივდივართ. შესაბამისად, ჯავშნებიც ვერ კეთდება.

საქართველოს აქვს ყველა უპირატესობა, რაც შეიძლება ჰქონდეს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას; ახლა მთავარია, მოვახდინოთ ამის სწორად კომერციალიზაცია. სახელმწიფომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვამბობ, საჭიროა, ინფორმაციამ სადმე ცენტრალიზებულად მოიყაროს თავი“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, მცირე რაოდენობით ჯავშნები კეთდება, თუმცა ეს არ არის გარანტირებული ჯავშნები.
 
„ჩვენს სასტუმროში ივლისში, უცხოეთიდან, დაახლოებით, 20%-მდე გვაქვს დაჯავშნილი. ეს ქვეყნებია - ყაზახეთი, პოლონეთი, უკრაინი და რუსეთი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ იქ უკიდურესად მძიმე მდგომაროებაა. თუ გალფის ქვეყნები გაიხსნა, მაშინ საქართველოს ეშველება, რადგან განსაკუთრებული აქტივობა და მზაობა ამ მიმართულებიდან გვაქვს“, - აღნიშნა ალექსანდრე ქიქავამ.