10.ივნისი .2021 21:35

გვჭირდება თუ არა ვაქცინაციის დუბლირებული ვებპორტალები?

გვჭირდება თუ არა ვაქცინაციის დუბლირებული ვებპორტალები?
views 226
უკან

საქართველოს მთავრობა ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას აანონსებს. იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის 60%-ს მივაღწიოთ, დღიურად 20-დან 25 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. ამ პროცესში ორი მთავარი გამოწვევა არსებობს, ერთი - ქვეყანას ვაქცინების საკმარისი მარაგი ჰქონდეს და მეორე - გავზარდოთ იმ მოქალაქეთა ინფორმირების დონე, რომლებიც ვაქცინაციას ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ.

Bm.ge დაინტერესდა, რა გაკეთდა ამ დრომდე ვაქცინაციის სიკეთის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაზე მოთხოვნის შექმნისა და კომუნიკაციისთვის 1,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ გეგმამდე ჯანდაცვის სამინისტრომ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი(412,116 ლარი) stopcov აპლიკაციის შექმნაზე დახარჯა, თუმცა უწყების პირველი პირებიც აღიარებენ, რომ ამ აპლიკაციამ ვერ იმუშავა.

ამის შემდგომი პროცესი იყო ცხელი ხაზის დამატებითი პერსონალით უზრუნველყოფა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების საჯარო განცხადებები და აცრით მაგალითის ჩვენება მოქალაქეებისადმი, რეგიონებში ვიზიტები და ბილბორდების გამოჩენა გარე სივრცეში, რომლითაც მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებდნენ.

Stopcov.ge და ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი ( booking.moh.gov.ge), ჯერჯერობით, მოქალაქეებისთვის ყველაზე ნაცნობი ვებგვერდებია, თუმცა ბოლო პერიოდში ონლაინსივრცეში სხვადასხვა პლატფორმაც ( www.provax.ge, datacov.moh.gov.ge, vaccines.ncdc.ge, covmob.moh.gov.ge) გაჩნდა, რაც როგორც ჩანს, საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია.

ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ეს ვებგვერდები ძირითადად ახალგაზრდა თაობისთვის არის გათვლილი და ის ადამიანები, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ინფორმაციის გარეშე რჩებიან. სპეციალისტების ნაწილი მთავრობას ფინანსური რესურსის უფრო მიზნობრივად გამოყენებას ურჩევს.

“მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იყოს ერთი საიტი მრავალფუნქციური, ვიდრე ბევრი, სადაც ადამიანებს უჭირთ გარკვევა, რომელი რას ემსახურება. არის ეს ვაქცინაციის დაჯავშნისთვის თუ ინფორმაციის მისაღებად“, - აცხადებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი.

„სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან, შესაბამისად, მათთვის ალტერნატიული გზებია საძებნი, რაც ვფიქრობ, უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე პლატფორმების შექმნა. ეს შეიძლება იყოს გაცნობითი ტიპის ვიზიტები მოსახლეობასთან შესახვედრად, რაც ვფიქრობ, ყველაზე ეფექტიანი იქნება. ასევე ბეჭდვითი მასალა და სტანდარტული ბილბორდები“, - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, თითოეული ამ ვებგვერდის განვითარება და მართვა ათეულობით ათასი ლარის ხარჯთან არის დაკავშირებული, რომლის საჭიროებაც, მათი დაკვირვებით ნაკლებად ჩანს. BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ მიზნობრივი აუდიტორიისთვის ამ რაოდენობის ვებ-გვერდების მოძიებაც რთულია და სავსებით შესაძლებელი იყო ამ ინფორმაციების ერთ ან ორს პლატფორმაზე ინტეგრირება.

„ვებგვერდის შექმნაც და მართვაც, როგორც ინფორმაციული აქტივის გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა მათი შეერთება ანუ ჩამოყალიბება იმ სახით, რომ ერთიანი პლატფორმა ყოფილიყო, სადაც მოქალაქე მიიღებდა ერთიან ინფორმაციას.

რეალურად ხელფასს უხდი კადრს, რომელიც იდენტურ საქმეს აკეთებს, რაც სხვა ვებგვერდზეც ხდება და ორივე სახელმწიფო საკუთრების ქვეშაა და იდენტურ მიზანს ემსახურება; უბრალოდ, იხარჯება და დუბლირდება დანახარჯი, რომელიც შეიძლებოდა უფრო ნაკლები ყოფილიყო“, - აცხადებს ანზორ მეხრიშვილი, BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ვებგვერდებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფა პარტნიორების, მათ შორის USAID-ის და WHO-ს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის დაანონსების მიუხედავად, რეგიონებში ჯერ კიდევ არ ჩანან ე.წ ვაქცინაციის ოფიცრებიც, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში უნდა დახმარებოდნენ. ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ, ნაწილი კი მის ჯერ ვერგანხორციელებას ბუნებრივ ახსნას უძებნის.

„თავი და თავი ამის მაინც ის არის, რომ დღესდღეობით, ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და ველოდებით საკმარისი რაოდენობის მარაგს იმისთვის, რომ აქტიური კამპანია დაიწყოს“, - ამბობს ქეთევან ჩხატარაშვილი.

„ჩემთვის უცნობია ვაქცინაციის ოფიცერს რა უფლება-მოვალეობა ექნება და რა იქნება მისი კომპეტენცია. კიდევ ადამიანების გადამზადებას და დამატებითი სახსრების დახარჯვას უმჯობესია არსებული რესურსი გამოვიყენოთ და ამ რესურსის საშუალებით მოვახდინოთ მოსახლეობის მობილიზაცია“, - განმარტავს ნინო მირზიკაშვილი.

10 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, საქართველოში 191 001 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 58 267 ადამიანი. იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს, მთავრობამ ქვეყანა ვაქცინების საკმარისი მარაგით და ვაქცინის მიმღებლობისთვის შესაბამისი ინფორმაციით უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული წლის ბოლოს რამდენად მოხერხდება ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რეალურად მიღწევადი აღმოჩნდეს.