მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე ლარზე: დიდი ალბათობით უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს

5e7cf09a125c4
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.20 22:23
1273
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სავალუტო ინტერვენციების შედეგად ლარის გაუფასურების ტრენდის შებრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ამასთანავე, თავად ინტერვენციების გამოუყენებლობაც ლარის გაცვლით კურსზე უფრო მეტ წნეხს შექმნიდა. 

"როდესაც ასეთი გამძაფრებულია უარყოფითი მოლოდინები, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში ასეთი პრობლემები გვაქვს და დიდი ალბათობით წელს გვექნება რეცესია, ანუ შემცირება გლობალური ეკონომიკის, შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ რომელიმე ინტერვენციამ შეიძლება გააჩეროს მაგალითად გაუფასურება. მაგრამ, სხვანაირად შევხედოთ, რომ არ ყოფილიყო ეს ჩარევები, გაუფასურება კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენმა ინტერვენციებმა შეარბილა ეს.

მყიდველი, რომელმაც გუშინ იყიდა უცხოური ვალუტა, დღეს იყიდდა და კიდევ უფრო მეტ წნეხს შექმნიდა ეს. ეს ნიშნავს, რომ ამ სიტუაციაში შეუძლებელია ამ ტრენდს ხელი შეუშალო. დღეს ვერავინ ვერ იტყვის სად არის ლარის წონასწორული გაცვლითი კურსი. ამას დრო დაგვანახებს. დიდი ალბათობით, უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ის უნდა იყოს გაუფასურებული, მაგრამ პანიკური ყიდვის დროს ყველაზე უფრო დიდი შანსია შეცდომის დაშვების,"- ამბობს კობა გვენეტაძე ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ვალუტა 26 მარტის ვაჭრობის შედეგად კიდევ გაუფასურდა. აშშ დოლართან კლებამ 2.6 თეთრი შეადგინა, შესაბამისად ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარი გახდა. ევროსთან კი გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახალი კურსით ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა. სებ-ი ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად მომავალშიც გეგმავს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას.