მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე: თუ ახალი ოფისი აშენდება, არსებულ შენობას გავყიდით

5dd523b0a0b80
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.19 15:28
867
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სებ-ი ახალ ოფისს ააშენებს, ადგილზე გადასვლამდე ის არსებულ ოფისს გაყიდის. გვენეტაძის თქმით, აღნიშნული კონფიგურაციით, სებ-ი გარკვეულწილად ახალი ოფისის ხარჯების დაფინანსებას მოახდენს.

“შენობასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ის შენობა, რომელიც ახლა აქვს ეროვნულ ბანკს, თუ დადგა ეს მომენტი და ვთქვათ, აშენდა ახალი ოფისი, დღევანდელი შენობა გაიყიდება და თავისთავად ის მოხმარდება ამის დაფინანსებას. თავისთავად რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, არ არის სწორი, რადგან ის შენობა, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს გაიყიდება და გარკვეულწილად მისი დაფინანსება, თუ აშენდა ეს შენობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სებ-ი 50 მილიონად ახალი ოფისის მშენებლობის დაგეგმვისთვის გააკტირიკა.

პრემიერი ამბობს, რომ გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებითაც არის მსგავსი ოფისის შექმნა შესაძლებელი.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,"- ამბობს გიორგი გახარია.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაში არის განთავსებული.

სებ-ი 50 მილიონ ლარად ახალი ოფისის აშენებას გეგმავს, რისთვისაც ორგანიზაციამ თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა.

2019 წლის 26 ივლისს განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, ცირკსა და ყოფილ რესტორან "არაგვს" შორის არსებული 8,779 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ახალი სათავო ოფისის კონსტრუირება სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება.

აგვისტოში სებ-მა ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარი, მისი მშენებლობის ვადები კი 38-44 თვეს შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი შენობა – "A კლასის", მისი ჯამური ფართობი კი 17,000 კვ.მ იქნება.