მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვეუბნებიან, რომ შეიძლება მარტამდე ასეთი სიტუაცია იყოს“ - რა ვითარებაა ბათუმის პორტში?

638b437fa60bb
ალა ისპირიანი
03.12.22 16:55
16237
ბათუმის პორტში ტვირთის დიდი ნაკადის შესვლის გამო კონტეინერების გახსნა ვერ ხერხდება და ავტოიმპორტიორებს ტერმინალში კონტეინერების დაყოვნებისთვის ჯარიმები ეწერებათ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა bm.ge-სთან ინტერვიუში ავტოდილერები საუბრობენ. კომპანია “ქარლოუდის“ დამფუძნებლის ლევან ლუხავას თქმით, ეს პრობლემა დაახლოებით 10 ნოემბრიდან არსებობს და ბათუმის პორტში ეუბნებიან, რომ შესაძლოა მარტამდეც ასე გაგრძელდეს.

როგორც მან Bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, გადამზიდავი ხაზის ჯარიმასთან ერთად, მათ კონტეინერის შენახვის საფასურს ბათუმის ტერმინალიც სთხოვს, რის გამოც “ქარლოუდის“ ჯარიმა უკვე 10 000 დოლარს შეადგენს.

„ტვირთბრუნვა დაახლოებით 100%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად ბათუმის პორტში ძალიან ბევრი ტვირთია შესული, მაგრამ პორტს თუ ამდენის მიღება არ შეეძლო, უნდა ეთქვა. ახლა ბათუმში ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ, რომ სამი გემი დგას, რომლის დაცლის საშუალებაც არ აქვთ, რადგან ადგილი არ არის. ამ თვეში კიდევ ბევრი გემი შემოდის და ბათუმის პორტს ფიზიკურად ამ გემების მიღების საშუალება არ აქვთ.

მე და ჩემი კომპანია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან აქ 80-მდე კონტეინერი გვიდევს. გადამზიდი ხაზი გვაჯარიმებს და ასევე ბათუმის ტერმინალი გვეუბნება, რომ კონტეინერის შენახვის საფასურიც უნდა გადავიხადოთ. ერთი თვე, ერთ კონტეინერზე ჯარიმა დაახლოებით 1500 დოლარი გვიწევს. 10 ნოემბრიდან ბათუმში ასეთი მდგომარეობაა და ამ დრომდე დაახლოებით 10 000 დოლარამდე დაგვეწერა.

ხომ შეიძლება გვითხრან, ერთი თვე ვერ გავხსნით და გვეცოდინება რა დრომდე ვიქნებით ამ მდგომარეობაში. გვეუბნებიან, რომ არ ვიცით, შეიძლება მარტამდეც ასეთი სიტუაცია იყოსო. გვითხრეს, რომ კონტეინერები ბათუმის პორტიდან ფოთის პორტში გადაგვეტანა, თავიდან პირველი კვირა ყოველ დღე 10-10 კონტეინერი გაგვქონდა, მაგრამ ახლა ესეც გაიჭედა, რადგან კონტეინერები ერთმანეთზე ალაგია და მათი გადმოსატვირთი ადგილი არ არის.

პრობლემაა ისიც, რომ ბათუმის პორტიდან ფოთის პორტში კონტეინერის გადატანა 450 დოლარიდან იწყება, რაც კომპანიებისთვის დიდი ხარჯია. ახლა რომელ კომპანიასაც ვუკვეთავთ კონტეინერის გადატანას, ისინიც ცუდ დღეში არიან, რადგან ტრაილერის მძღოლები პორტში 14-15 საათის განმავლობაში არიან შესულები და ტვირთის დადებას ელოდებიან. ამ დაყოვნების გამო, დრო გადის და ახლა თუ კონტეინერის გადატანა $450 ღირს, შემდეგ თვეში ალბათ $550 გახდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბევრ კომპანიას ამდენი ხარჯის გაღების საშუალება არ აქვს, რამაც შეიძლება მათი გაკოტრება გამოიწვიოს.

კითხვაზე - რას აპირებენ ავტოიმპორტიორები, მან თქვა, რომ ორშაბათიდან კომპანიები შეკრებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების ძიებას დაიწყებენ.

ცნობისთვის, bm.ge ბათუმის პორტს დაუკავშირდა და მათგან ელოდება ოფიციალურ განმარტებას.