მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა, ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების მექანიზმი დავნერგოთ“ - ინტერვიუ ირაკლი ქარქაშაძესთან

64117c3639738
თინათინ ნატმელაძე
15.03.23 15:52
694
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ზე იმყოფება და „საქმიანი დილის“ ეთერში გამოფენისგან უკვე მიღებულ შედეგებზე საუბრობს.

მისი თქმით, აღნიშნულ გამოფენაზე მოლაპარაკებები აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სიახლეების დანერგვაზე მიმდინარეობს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ კი კონკრეტული შეთავაზებების მიღება უკვე მოახერხა.

- რა შედეგებია გამოფენიდან და რა შეიძლება „აეროპორტების გაერთიანებისთვის“ წარმატებად ჩაითვალოს?

- ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის.

მოგზაურობის წესი ყოველთვის ვითარდება და სულ უფრო ციფრული ხდება. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმადე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.

ის პროცედურები, რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, მგზავრისთვის ყოველთვის სტრესს უკავშირდება, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ, სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის საუბარი იყო საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვაზე, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ITB ბერლინზეც იმყოფებოდა, სადაც კომერციული მოლაპარაკებები აეროპორტებსა და საავიაციო კომპანიებს შორის მიმდინარეობდა.

- რა შედეგებით დასრულდა ITB ბერლინი აეროპორტების გაერთიანებისთვის?

- ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით, პირველ რიგში ის ფაქტი, რომ SunExpress ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს ფრენას ანკარას, იზმირის და ანტალიის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საავიაციო ბაზარი გაჯერებული იყო თურქული მიმართულებებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ტურისტული მიმართულება თურქული სეგმენტით განსაკუთრებით განვითარდება და შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო შორი დისტანციებიდანაც მოვიზიდოთ ტურისტები.

ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სხვა ავიაკომპანიებთან, გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი „იზი ჯეტთან“ მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მალე ვიხილავთ „იზი ჯეტის“ მიერ განხორციელებულ ლონდონის მიმართულებას. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ეტაპობრივად გვაქვს.

- როგორ შეაფასებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომელიც 2024 წელს დასრულდება?

- ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში აეროპორტს ექნება სასტუმრო. ზოგადად, ყველა ქვეყანაში აეროპორტი მის ირგვლივ დასახლებებს ქმნის, მისი სარგებელი მხოლოდ ავიაცია არ არის, სწორედ ამიტომ, მგონია, რომ საკმაოდ დადებითი შედეგები ექნება - აეროპორტის ირგვლივ გაჩნდება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჩამოსული სტუმრები კი იძულებული არ იქნებიან, რომ ქალაქის ცენტრში წავიდნენ.

ანალოგიური მიზანი გვაქვს ქუთაისის აეროპორტში, აქაც გვინდა, რომ აეროპორტს სასტუმრო ჰქონდეს, თუმცა წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და იმისთვის, რომ აეროპორტს სასტუმრო ჰქონდეს, ჯერ თავად აეროპორტი უნდა განვითარდეს სათანადოდ. წელს კი რეკორდული წელი გვექნება, მილიონ მგზავრს გადავაჭარბებთ, პირველი ორი თვე უკვე წარმატებულად ჩაიხურა, 2019 წელთან შედარებით 50%-იანი ზრდა გვაქვს.