მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიური ჰაბი გახდეს“ - ღარიბაშვილი

647ef40fbf328
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.23 12:58
722
საქართველოს მთვარობას ქუთასის პარლამენტის შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს და მრავალი წლის განმავლობაში უქმად მდგარ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრო შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განთავსების პროექტზე მუშაობს. ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადება პრემიერს გასულ წელსაც გაუკეთებია, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს შინაარსიანად ვაკეთებთ“.

მისივე თქმით, პროექტი მალე გასაჯაროვდება, თუმცა როდის, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

„პარლამენტის შენობაზე ჩვენი ხედვა ასეთია - ეკონომიკის სამინისტრო ახლა ამზადებს პროექტს, ძალიან მალე დეტალური ინფორმაცია გვექნება, ქუთაისის პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი IT სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ეს, უნდა იყოს მულტიფუნქციური თანამედროვე ტექნოლოგიური ქალაქი, ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოიყრის თავს. ამ პროექტს ვამუშავებთ და ძალიან მალე იქნება მისი პრეზენტაცია. დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს შინაარსიანად ვაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: 4 წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში ქუთაისში მუშაობა დაასრულა, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი იყო და თბილისში დაბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების აქტივისთვის ხელისუფლებამ ვერც ფუნქცია მოიფიქრა და არც საპრივატიზაციოდ გამოუტანიათ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები კეთდებოდა. როგორც BMG-მ გაარკვია, ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა. კომპანიამ წერილობით მოგვწერა, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განხორციელდა ქონების გადაფასება და უძრავი ქონების ნაწილში „ქუთაისის პარლამენტის შენობის“ ღირებულება შეადგენს - 53,500,000 ლარს, ხოლო მასში განთავსებული მოძრავი ქონების ნაწილში - თითქმის 7 მლნ ლარს.