მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა ვიპოვოთ წყარო, რომელიც ევროპულ საწვავზე იაფი იქნება“ - სოსო ფხაკაძე

62c7e848d61a2
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.22 12:17
765
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ კომპანია დღემდე ევროპული - ძვირი საწვავის ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია - ასე უპასუხა მან BM.GE-ს შეკითხვას, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთოიმპორტიორი კომპანიებისთვის გაცემულ, იაფ ბაზრებზე გადაწყობის რეკომენდაციას შეეხებოდა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ „ვისოლი“ ყოველთვის საწვავის საერთაშორისო ფასს მიჰყვება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი პლატსზე საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„ ამან ძალიან დიდი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა როგორც ჩვენზე - კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ჩვენ 2.5-ჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭიდება, მილიონებზეა საუბარი, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და ომის დასრულებამდე როგორ შეიძლება ამ ბაზარზე გაუმჯობესება მოხდეს, მე არ ვიცი. თუ რამდენიმე დღე, 1-2 კვირა საწვავზე საერთაშორისო ბაზარზე შემცირებული ფასი ნარჩუნდება, ამას ადექვატური ასახვა აქვს ჩვენს ქსელში“, - განმარტავს ფხაკაძე.

მისი თქმით, მარტში ხელისუფლების მიერ საწვავის გაიაფების შესახებ გაკეთებული განცხადებები ლეგიტიმური იყო, ხოლო კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა კვლევის დასკვნა სააგენტოსთან ერთად დეტალურად გაიარეს. კითხვაზე, ხომ არ მიანიშნებს სააგენტოს რეკომენდაცია იმას, რომ იმპორტიორები რუსულ იაფ საწვავზე უნდა გადაწყობილიყვნენ, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასე არ ფიქრობს.

„ომის დაწყების შემდეგ 1-2 კვირა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის, ამავდროულად ამერიკამ თავისი სანავთობო რეზერვები გამოყო და ბაზარს სტაბილურობისთვის მიაწოდა, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო და კვლავ ერთი ბარელის ფასი 120 დოლარს დაუბრუნდა. იმ პერიოდში ხელისუფლება და ჩვენც ვაკეთებდით განცხადებებს, რამეთუ ძალიან გვინდა საწვავი ღირდეს უფრო იაფი. ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა, როგორ შეიძლება რიტეილერს, საცალო ქსელს არ უნდოდეს ფასები უფრო დაბალი იყოს, უფრო მეტი გაიყიდება, ნაკლები საბრუნავი სახსრები დასჭირდება. ძალიან მარტივია ამის ახსნა.

ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ელოდა ფასების შემცირებას, ლეგიტიმური იყო მათი განცხადება, ჩვენც ამას ვაცხადებდით, თუმცა შემდეგ სხვანაირად შემოტრიალდა ყველაფერი.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, ვფიქრობ, პროფესიულად, დეტალურად გავიარეთ მათთან ერთად ეს ანგარიში და მე ზედმეტი პრეტენზიები და შეკითხვები ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ ისიც არ ყოფილა, რომ ვიღაცისთვის ხელი დაედოთ და ეთქვათ, რომ რომელიმე სუბიექტმა არასწორად იმოქმედა“, - განმარტა ფხაკაძემ.

მისი ინფორმაციით, „ვისოლი“ დღემდე ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესშია, თუმცა სოსო ფხაკაძე იმას არ ამბობს, იქნება თუ არა მათ შორის რუსეთი.

„ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა ვიპოვოთ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული საწვავი, რომელიც შემოგვაქვს. არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი“, - განაცხადა ფხაკაძემ.